ფეხბურთი

22:31 | 3.11.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიკემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და შაბათს ბოლო მატჩს ჩაატარებს

ჟერარ პიკემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ამის შესახებ 35 წლის ფეხბურთელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ესპანელი სეზონის დასრულებასაც არ დაელოდება და მსოფლიოს ჩემპიონატის პაუზის წინ ფეხბურთიდან წავა. როგორც მან თქვა, „კამპ ნოუზე“ ბოლოჯერ შაბათს, „ალმერიას“ წინააღმდეგ ითამაშებს.

„ბოლო თვეებში ბევრს ლაპარაკობენ ჩემზე, ჩუმად ვიყავი, მაგრამ ახლა ჩემი ჯერია, რომ ვილაპარაკო. მოგეხსენებათ, მე ყოველთვის ბარსელონელი ვიყავი. ფეხბურთი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, ყოველთვის მინდოდა „ბარსას“ მოთამაშე ვყოფილიყავი. ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ პატარა ჟერარზე, რას იფიქრებდა, თუ ეტყოდნენ, რომ ყველა ოცნებას აისრულებდა. პირველ გუნდში მოხვედრა, ტიტულების მოგება, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონობა. ოდესმე საუკეთესოებთან ერთად ვითამაშებდი, რომ ვიქნებოდი კაპიტანი. „ბარსელონას“ 25 წლის წინ შევუერთდი, წავედი და დავბრუნდი. ფეხბურთმა ყველაფერი მომცა, „ბარსელონამ“ ყველაფერი მომცა. გულშემატკივრებმა ყველაფერი მომცეს.

ახლა კი, როცა ყველა ოცნება ავიხდინე, ვგრძნობ, რომ დადგა დრო, რომ ეს წრე დავხურო. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ბარსას“ გარდა სხვა კლუბში არ ვითამაშებ. და ასეც იქნება. ამ შაბათს ვითამაშებ ჩემს ბოლო მატჩს „კამპ ნოუზე“. ყოველთვის "ბარსას" გულშემატკივარი ვიქნები, კლუბის სიყვარულს ჩემს შვილებს გადავცემ და ადრე თუ გვიან დავბრუნდები. შევხვდებით კამპ ნოუზე. Visca el Barça ყოველთვის“, - თქვა პიკემ.

შეგახსენებთ, ჟერარ პიკე „ბარსელონას“ აღზრდილია, შემდეგ მან კატალონური კლუბი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა, ერთი სეზონი კი იჯარით „სარაგოსაში“ გაატარა. 2008 წელს „ბარსას“ დაუბრუნდა და მას შემდეგ 615 მატჩში 52 გოლი გაიტანა. „ბლაუგრანაში“ პიკემ 8-ჯერ ლა ლიგა, 7-ჯერ სამეფო თასი, 6-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 3-3-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, „მანჩესტერის“ რიგებში თითოჯერ გახდა პრემიერლიგის, ინგლისის სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ესპანეთის ნაკრებში მან 2009-2018 წლებში 102 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, 2010 წელს მსოფლიოს, ხოლო 2012 ევროპის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113191