ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში ბოლო ტურის წინ საკმარისი ინტრიგა იყო - პირველი ადგილის ბედიც ირკვეოდა და ჯგუფიდან მეორე გამსვლელის ვინაობაც უცნობი იყო. საბოლოოდ, მიზანს „რეალმა“ და „ლაიფციგმა“ მიაღწიეს.
„რეალს“ პლეი-ოფის საგზური განაღდებული ჰქონდა, მაგრამ პირველი ადგილისთვის შინ გლაზგოს „სელტიკთან“ გამარჯვება სჭირდებოდა, რაც კარლო ანჩელოტის გუნდისთვის რთული მისია ნამდვილად არ იყო. „სამეფო კლუბმა“ შოტლანდიურ გუნდს ადვილად აჯობა, 5:1 დაამარცხა და ჯგუფში 13 ქულით პირველი პოზიცია დაიკავა.
დონეცკის „შახტარისა“ და „ლაიფციგის“ მატჩში კი მეორე ადგილის ბედი წყდებოდა: უკრაინელები მოგების შემთხვევაში გავიდოდნენ ჯგუფიდან, გერმანელებს ფრეც აწყობდათ. საბოლოოდ, „ლაიფციგი“ გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა და პირველ ტურში იმავე „შახტართან“ 1:4 წაგების გამო სრულფასოვანი რევანში აიღო, რადგან 4:0 მოიგო. ამრიგად, ლაიფციგელებმა 12 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ მერვედფინალში ოთხი გერმანული გუნდი ითამაშებს, მხოლოდ „ლევერკუზენმა“ ვერ დაძლია ჯგუფური ეტაპი. „შახტარი“ ევროპა ლიგაზე გადაერთო, ხოლო „სელტიკი“ ევროტურნირებზე დაემშვიდობა.
„რეალი“ – „სელტიკი“ 5:1 (2:0)
გოლები: 1:0 მოდრიჩი (6), 2:0 როდრიგო (21), 3:0 ასენსიო (51), 4:0 ვინისიუსი (61), 5:0 ვალვერდე (71), 5:1 ჟოტა (84)
„შახტარი“ – „ლაიფციგი“ 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ნკუნკუ (10), 0:2 ანდრე სილვა (50), 0:3 შობოშლაი (62), 0:4 ბონდარი (68, ა.გ)
1. | რეალი | 6 | 4 | 1 | 1 | 15 | 6 | 9 | 13 |
2. | ლაიფციგი | 6 | 4 | 0 | 2 | 13 | 9 | 4 | 12 |
3. | შახტარი | 6 | 1 | 3 | 2 | 8 | 10 | -2 | 6 |
4. | სელტიკი | 6 | 0 | 2 | 4 | 4 | 15 | -11 | 2 |