ფეხბურთი

22:46 | 26.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" პლეი-ოფშია, "ბარსელონა" ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მილანის „ინტერი“ ითამაშებს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონა“ ზედიზედ მეორედ ჯგუფში ჩარჩა.

სიმონე ინძაგის გუნდმა საკუთარ მოედანზე „პლზენი“ როგორც მოსალოდნელი იყო, იოლად, 4:0 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ედინ ჯეკომ, ხოლო თითოჯერ ჰერნიხ მხითარიანმა და ორთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა რომელუ ლუკაკუმ გაიტანეს. „ინტერმა“ 10 ქულა დააგროვა და „ბარსელონა“ ვეღარ დაეწევა. ამრიგად, კატალონურ გრანდს ევროპა ლიგაზე გადართვა მოუწევს.

B ჯგუფში „პორტუმ“ „ბრიუგეს“ სტუმრად ასევე 4:0 აჯობა და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ბელგიის ჩემპიონს პლეი-ოფის საგზური განაღდებული აქვს და ამ ტურამდე გოლიც არ ჰქონდა გაშვებული, თუმცა, „პორტუს“ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. „დრაკონებს“ 9 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან. ასე რომ, ბოლო ტურში „ატლეტიკოსთან“ შინ ქულაც დააკმაყოფილებს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

„ბრიუგე“ – „პორტუ“ 0:4 (0:1)

გოლები: 0:1 ტარემი (33), 0:2 ევანილსონი (57), 0:3 ეუსტაკო (60), 0:4 ტარემი (70)

„ინტერი“ – „პლზენი“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მხითარიანი (35), 2:0 ჯეკო (42), 3:0 ჯეკო (66), 4:0 ლუკაკუ (87)

0.10328