ფეხბურთი

20:28 | 1.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ისევ აჩვენა, რომ მაღალი და სხვა დონის ფეხბურთელია"

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში „ნაპოლიმ“ „ტორინო“ 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, გოლი გაიტანა. იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში მაღალ დონეზე შეაფასა და უმეტესი გამოცემის ვერსიით, მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ დუბლის ავტორმა ფრანკ ზამბო ანგისამ დაიმსახურა.

Tuttonapoli 7: „იოლი მატჩი არ იყო, ხშირად უჭირდა მისი მეურვის წინააღმდეგ, მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ახერხებს გუნდისთვის რაიმე სასარგებლოს შექმნას. მესამე გოლი მან გაიტანა, როდესაც შეტევა საკუთარი ნახევრიდან დაიწყო და ეს გოლი ასევე აჩვენებს მის ფიზიკურ უნარებს, პროგრესირებას და სხეულით ბურთის შენარჩუნების უნარს”.

Calciomercato.it 6.5: – „პირველ ტაიმში სპალეტისგან ბევრი საყვედური მიიღო. მერე შეცვალა ტემპი და მესამე გოლი გაიტანა. დაამტკიცა, რომ მაღალი და სხვა დონის მოთამაშეა“.

Calciomercato.com 6.5: „მთლიანობაში კოფი ჯიჯიმ მისი დაჭერა არაერთხელ მოახერხა, მაგრამ მესამე გოლი ნამდვილი მარგალიტია, მოედნის ცენტრიდან დაწყებული შეტევა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში გატანილი“.

Calcionapoli24 7: „მარიო რუის პასი მან გაუკეთა, რასაც პირველი გოლი მოჰყვა. სპალეტი პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ხშირად სთხოვდა თამაშში უფრო აქტიურად ჩართვას და ჟელინსკის ორჯერ კარგი პასი გაუკეთა. შემდეგ სცენაზე თავად ავიდა და გოლი გაიტანა 40-მეტრიანი გარბენის შედეგად“.

sport.virgilio 7: „ეს უკვე აღარ არის სიახლე, ქართველი ისევ საუკეთესოთა შორისაა. პირველ გოლში მონაწილეობა მიიღო, მესამე თავად გაიტანა. მეორე ტაიმში ნაკლებად შესამჩნევი იყო“.

La Repubblica 7: „5 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებშია. როგორც ყოველთვის სახიფათოა“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს თავის აქტივში. „ნაპოლი“ სერია A-ს 20 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110306