ფეხბურთი

22:56 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი მენეჯერი: "მამარდაშვილზე რამდენიმე ესპანურმა გუნდმა უარი იმიტომ მითხრა, რომ ქართველია"

ესპანელმა სკაუტმა ანტონიო ლოპესმა ადგილობრივ მედიასთან გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე ისაუბრა. მან დიდი როლი ითამაშა ქართველი მეკარის „ვალენსიაში“ ტრანსფერში და როგორც თვითონ თქვა, მანამდეც არაერთ ესპანურ კლუბს შესთავაზა, მაგრამ ყველასგან უარი მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ მამარდაშვილი ქართველია.

„მითხრეს, რომ თბილისის „ლოკომოტივში“ ნიჭიერი მეკარე იყო და მისი დაკვირვება დავიწყე „გრანადასთან“ მატჩიდან. სწორედ იმ თამაშიდან ვუყურებდი. დავიწყეთ მუშაობა და რამდენიმე ესპანურ კლუბს შევთავაზე. ქართველები ფიზიკურად ძლიერები არიან, ძალიან კარგი ელიტური სპორტსმენები, კონკურენტუნარიანები, მხოლოდ სწორი მუშაობაა საჭირო.

პირველი, რითაც მან ჩემი ყურადღება მიიპყრო, გამარჯვებულის მენტალიტეტია. ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ნაკლებად თუ აქვთ გამარჯვებულის მენტალიტეტი. 19 წლის იყო, როცა „გრანადას“ წინააღმდეგ ითამაშა. დავუკავშირდი „ატლეტიკოს“, „ბარსას“, „ჟირონას“, „ვილიარეალს“, „ბეტისს“, მაგრამ ყველამ მითხრა, რომ ის ქართველი იყო. მხრები ავიჩეჩე, რადგან ვხედავდი, რომ ის ტოპმეკარე გახდებოდა.

„ვალენსიადან“ პირველი, ვინც დაინტერესდა, ხოსე ხიმენესი იყო. მან მითხრა, რომ ის ნამდვილი მეკარე იყო. ვესაუბრე ლუის მარტინესს და მარკო ოტეროს აკადემიიდან. ლუისი ყველაფერზე პასუხისმგებელია აკადემიაში და ტრანსფერის დახურვა მოხერხდა. მოლაპარაკებების პროცესი ძალიან რთული იყო, რადგან თავიდან მამარდაშვილის ფასი 350 000 ევრო იყო, მერე ის 850 000-მდე გაიზარდა, თუმცა მაინც იაფი გახლდათ.

ის მეორე გუნდში სათამაშოდ ჩამოვიდა, მაგრამ ბორდალასმა მთავარ გუნდში სავარჯიშოდ წაიყვანა, რადგან სილესენი და ხაუმე ტრავმირებული იყვნენ. გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, რაც ბუნებრივია, რადგან ძალიან ახალგაზრდა იყო. მეც არ ველოდი და გაკვირვებული ვარ, ასეთი სწრაფი გაუმჯობესების ხარისხით. ვიცოდი, რომ შესანიშნავი მეკარე იყო, მაგრამ მეგონა, რომ უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა.

მე და მარკო ოტერო დეკემბერში თბილისში ვიყავით. ვუთხარი, რომ „რუბინში“ თამაშობდა ძალიან კარგი ფეხბურთელი. ოტეროს პირველ გუნდზე დიდი გავლენა არ აქვს და როგორც ჩანს, არ დაუჯერეს. უკრაინაში ომი რომ დაიწყო და უეფამ ახალი რეგულაცია შემოიღო, კიდევ ერთხელ გავესაუბრე „ვალენსიას“ და კვარაცხელიას ზაფხულამდე უფასოდ დამატება შევთავაზე, შემდეგ კი ზაფხულში გადაეწყვიტათ, ეყიდათ თუ არა. არ ვიცი, ბორდალასს თუ სხვა ვინმეს არ უნდოდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა, ის უფასოდ საქართველოში წავიდა, შემდეგ კი „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავიდა. ის ფანტასტიკური მოთამაშეა, პირველივე თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა“, - თქვა ლოპესმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111312