ფეხბურთი

16:23 | 29.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან სეთურიძე: "5 წელიწადში ახალი კვარაცხელიები და მამარდაშვილები გამოჩნდებიან"
"მამარდაშვილს და კვარაცხელიას ფეხბურთი უყვართ, მათი მენტალიტეტი აჟიოტაჟის მიუხედავად არ იცვლება"

გიორგი მამარდაშვილის აგენტმა ლევან სეთურიძემ იტალიური ვებგვერდ SerieAnews-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. გარდა ამისა, ლევანმა ზოგადად, ქართულ ფეხბურთზეც გააკეთე კომენტარი და აღნიშნა, რომ 5 წელიწადში ახალი მამარდაშვილები და კვარაცხელიები გამოჩნდებიან.

„მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ გადასვლისთანავე „მილანთან“ ითამაშა და ძალიან კარგადაც. შემდეგ მცირე შეცდომა იყო „სევილიასთან“, თუმცა 4 თვის შემდეგ, როდესაც თამაში ისევ დაიწყო, მოედანზე ყოველთვის საუკეთესო იყო. ყოველი თამაშის შემდეგ იზრდება ხარისხით და გამოცდილებით, პრობლემების გარეშე, რადგან ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს. ის ფეხებს ყოველთვის მიწაზე ინარჩუნებს, როგორც კვარაცხელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტი, გულშემატკივარი და ფეხბურთში მომუშავე ადამიანი მათზე საუბრობენ, მათი მენტალიტეტი არ იცვლება, აღტაცებულები არ არიან. გატუზოსთან გიორგი თავს ძალიან კარგად გრძნობს. როდესაც ის „ვალენსიაში“ დაინიშნა, გატუზომ გიორგის პირადად დაურეკა და უთხრა, რომ მასთან მუშაობა სურდა, ამიტომაც, კლუბში დარჩა.

კვარაცხელია? კვარა ზუსტად ისეთია, როგორც ბავშვობაში იყო. თუ უყურებთ 17 ან 19-წლამდე ნაკრებში მის თამაშებს, ნახავთ, რომ იგივეა, არ შეცვლილა. ქართველები ასეთები არიან. ველოდი, რომ სერია A-ში ასე დაიწყებდა. მას ფეხბურთი უყვარს, ფეხბურთით ცხოვრობს. ინგლისში ან ესპანეთში რომ თამაშობდეს, იგივენაირად ითამაშებდა, რადგან მას, როგორც მამარდაშვილს, ფეხბურთი უყვარს. მათთვის ეს გართობაა. გიორგი აბუაშვილის შემთხვევაში განსხვავება ისაა, რომ ის პირველ გუნდში ვერ მოხვდა და „პორტუში“ ძალიან ახალგაზრდა წავიდა. თუმცა გამოცდილებას მიიღებს. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერია. მცირე ფიზიკური პრობლემაც ჰქონდა, როცა „პორტუსთან“ კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, შესანიშნავი ფეხბურთელია, ძლიერი ხასიათით და უკვე შეუძლია მოედანზე თავისი სიტყვის თქმა.

როდესაც უეფას ლიცენზიაზე ვსწავლობდი, 19-წლამდელების მატჩი გავაანალიზე იტალიასა და საქართველოს შორის, რომელიც საქართველომ 1:0 მოიგო. ფაქტია, რომ 19-წლამდე ვახერხებთ იტალიის, ინგლისის, ესპანეთის ნაკრებებთან გამარჯვებას, მაგრამ პრობლემა შიდა ჩემპიონატების კონკურენტუნარიანობაა. სერია A ფეხბურთელის ზრდის განსხვავებულ შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში მხოლოდ 2-3 მაღალი დონის აკადემიაა: „დინამო თბილისის“, „ლოკომოტივის“ და „საბურთალოს“. ეს არ იძლევა 19 წლის შემდეგ ფეხბურთელების ზრდის საშუალებას. თუმცა, თუ გადავხედავთ 2005 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა თამაშს, ვნახავთ, რომ 4-5 დიდი ტალანტია, მაგრამ სერიოზული განვითარებაა საჭირო. ახლა ჩვენი ფედერაცია კარგად მუშაობს სტრუქტურულად და ინფრასტრუქტურით. უახლოეს ხუთ წელიწადში ახალ მამარდაშვილსა და კვარაცხელიას ვიხილავთ.

გიორგის და კვარას ღირებულებამ რა თქმა უნდა მოიმატა. სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება, ამ ტურნირზე თამაში შეუძლიათ კვარაცხელიას, მამარდაშვილს, დავითაშვილს. იმედი მაქვს, რომ მათთან ერთად ნახევარფინალამდე მაინც მივალთ. არ ვიცი ეროვნული ნაკრებიდან მათ 21-წლამდელებში თუ გაუშვებენ, მაგრამ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა სეთურიძემ.

0.114736