ფეხბურთი

20:10 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კულუშევსკი: "იუვენტუსიდან" "ტოტენჰემში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო"

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა დეიან კულუშევსკიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ დატოვება საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რისი მიღებაც მას კარიერის ამ ეტაპზე შეეძლო. როგორც 22 წლის შვედმა აღნიშნა, ტურინში თავს კარგად არ გრძნობდა და სიტუაციის შეცვლა არ შეეძლო.

„ჩემში არაფერი შემიცვლია: მენტალურად ყოველთვის სწორად გავდიოდი მოედანზე, რომ ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. თუმცა, „იუვენტუსში“ ეს არ გამოვიდა. "იუვეში" თავს კარგად არ ვგრძნობდი სხვადასხვა მიზეზის გამო და როცა ხვდები, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, ძნელია ამის შეცვლა იმავე გარემოში დარჩენით. ამიტომ, იტალიიდან წასვლის არჩევანი საუკეთესო იყო, რაც შემეძლო ამ სიტუაციაში გამეკეთებინა.

ინგლისში მშვენიერია და ყველაფერი უკეთესია, ვიდრე ტურინში, მოედანზეც და მის გარეთაც. როგორც ვთქვი, ახლა ძალიან მინდა ფეხბურთის თამაში. კონტესთან მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ტოტენჰემში“ ჩემი სხეულიც შეიცვალა, ძირითადად, სპორტდარბაზში ვარჯიშების წყალობით, ძალიან მოკლე დროში. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ და უკეთესად, ვიდრე იტალიაში. მომწონს, თუ როგორ ვვარჯიშობთ ლონდონში.

დიდი განსხვავებაა კონტესა და ალეგრის შორის? გულწრფელად, დიახ. არ მინდა ვთქვა, რომ ერთი მეორეზე უკეთესია, რადგან დიდ პატივს ვცემ ალეგრისაც და კონტესაც, ორივემ ბევრი მოიგო კარიერაში, მაგრამ საქმისადმი მიდგომა და ფეხბურთის იდეა სრულიად განსხვავებულია. „ტოტენჰემში“ უფრო მეტს მუშაობ სპორტდარბაზში და შედეგსაც ხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ „იუვედან“ „ტოტენჰემამდე“ სამყარომ შემცვალა. ცხოვრებაში არ შემხვედრია, თუნდაც ფეხბურთის გარეთ, ისეთი მოტივირებული ადამიანი, როგორიც ანტონიო კონტეა. ასეთი ადამიანი, როცა გელაპარაკება, აუცილებლად აღწევს შენს გულში“, - თქვა კულუშევსკიმ.

შეგახსენებთ, დეიან კულუშევსკიმ „იუვენტუსში“ 2020-2022 წლებში 74 მატჩში 9 გოლი გაიტანა, ხოლო „ტოტენჰემში“ იანვრიდან დღემდე 29 შეხვედრაში 6 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116641