რაგბი

15:21 | 26.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | საუკეთესო საუკეთესოთა შორის - დავით ნინიაშვილი

20 წლის დავით ნინიაშვილმა ‘სტად ფრანსეს’ ორი ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანა და ‘ლიონს’ ტოპ 14-ის მეოთხე ტურში 33:27 მოაგებინა.

კლუბში მწვრთნელებმა ის პირველად დააყენეს ფულბეკის პოზიციაზე და ქართველმაც ისეთი შთამბეჭდავი თამაში ჩაატარა, რომ CANAL+Sport-მა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში პირველსავე წუთზე გახსნა. ის ხელდახელ შეტევას მიყვა და სწრაფი პასით თანაგუნდელი ცარიელ სივრცეში მიიყვანა, მერე მეტოქის 5-მეტრიანში რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელოში გადადო. მე-7 წუთზე მან საკუთარი ნახევრიდან ჯარიმა უნაკლოდ შეასრულა. ბოლოსწინა წუთზე დავითი სწრაფად გათამაშებულ ჯარიმა მიყვა, თანაგუდელმა მას პასი არ დაუგვიანა და ნინიაშვილმა ლელო ძელებსუკან გაიტანა, რითაც საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. განვლილ 4 ტურში დავით ნინიაშვილის ანგარიშზე უკვე 3 ლელოა.

‘ლიონის’ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58 წუთი ითამაშა მესამეხაზელმა ბექა საღინაძემ. ‘ სტად ფრანსეს’ რიგებში ჯერ პირველი ტაიმის მიწურულს, გასინბინებული თანაგუნდელის ნაცვლად 6 წუთი ითამაშა გიორგი მელიქიძემ, 53-ე წუთზე კი სრულფასოვან შეცვლაზე შევიდა.

‘პერპინიანმა’ ‘ტულონი’ მიიღო და 19:13 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში შესვენების შემდეგ გამოჩნდა ბურჯი გიორგი თეთრაშვილი.

‘ბეიონმა’ ‘ბორდო’ მიიღო და 20:15 დაამარცხა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თითო ქართველმა ითამაშა. ‘ბეიონის’ რიგებში შეცვლაზე 62-ე წუთიდან შევიდა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, ხოლო ‘ბორდოს’ შემადგენლობაში 48-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი ლექსო ყაულაშვილი.

‘მონპელიემ’ ‘პოს’ 6 ლელო გაუტანა და ბონუსით, 43:17 დაამარცხა. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 57 წუთიდან ითამაშა გელა აფრასიძემ. სტუმართა მარქაფაში იყო და მოედანზე 42-ე წუთზე გამოჩნდა გურამ პაპიძე.

‘რასინგ 92’ ლიდერ ‘ტულუზს’ ეწვია და 10:37 დამარცხდა. პარიზელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა გია ხარაიშვილმა.

დუდუ ქუბრიაშვილი, რომელიც ‘კლერმონს’ ახლახანს შეუერთდა სამატჩო განაცხადში იყო, თუმცა ‘ლა როშელთან’ 22:13 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პრო დე2

პრო დე2-ის მეხუთე ტურში ‘ბიარიცმა’ ‘კარკასონს’ დაძაბულ მატჩში 32:23 მოუგო. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ. ლუკა ჭელიძე შცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა. მარქაფაში იყო, მაგრამ არ უთამაშია ლაშა ტაბიძეს. სტუმართა შორის პირველიდან 46-ე წუთამდე ითამაშა ვახტანგ ახობაძემ.

‘მონტობანმა’ ‘მონ-დე-მარსანს’ უმასპინძლა და ბონუსით, 43:19 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთზე გამოჩნდა ბურჯი მირიან ბურდული და 2 წუთში მისმა გუნდმა საჯარიმო ლელო გამოიმუშავა. სტუმართა შორის პირველი 50 წუთი ითამაშა ლაშა მაჭარაშვილმა.

‘ნევერი’ ‘ოიონას’ ეწვია და 6:23 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი იყო – მეორეხაზელმა ლადო ჩაჩანიძემ 49, ხოლო ბურჯმა თორნიკე მატარაძემ 56 წუთი ითამაშა.

‘ანგულემმა’ ‘ბეზიეს’ დასკვნით 5 წუთში 10 უპასუხო ქულა გაუკეთა და 19:10 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 50 წუთი ითამაშა ომარ ოდიშვილმა. თამაშში 50-ე წუთიდან ჩაერთო სტუმართა ბურჯი ჟორჟ სალდაძე.

‘ორიაკი’ ლიდერ ‘გრენობლს’ ეწვია და 9:17 დამარცხდა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 43-ე წუთიდან ითამაშა ზურაბ ჟვანიამ. ოთხი ქართველი იყო სტუმართა ძირითადში – მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ და ფრთა გიორგი გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ბურჯი გიორგი ქართველიშვილი 29-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა 55-ეზე მოედანზე დაბრუნდა, 55 წუთი ითამაშა მეორეხაზელმა გიორგი ჯავახიამ, ხოლო ლუკა ნიორაძე შეცვლაზე 32-ე წუთზე შევიდა.

RUGBY.GE

0.11317