ფეხბურთი

21:48 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის პლეი-ოფიც არის, B დივიზიონის საგზურიც და რეკორდიც!

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფშია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც გაიმეორა!

ვილი სანიოლის გუნდმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და პირველობაში ცხადია ვერავინ შეეცილება.

პირველი ტაიმი ორგვარი გამოდგა: პირველ ნახევარ საათში საქართველოს ნაკრებს საერთოდ არაფერი გამოუვიდა, თავდამსხმელებამდე ბურთიც არ მიდიოდა, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშს ვერ ამწვავებდნენ, საპასუხოდ კი ძალიან აქტიურობდა ელიფ ელმასი, ენის ბარდი და სხვებიც, რის გამოც გიორგი მამარდაშვილს თამაშში ჩართვა რამდენჯერმე მოუწია. განსაკუთრებით კი მეოცე წუთზე, როცა სტეფან სპიროვსკის შორეული, მაგრამ ძალიან სახიფათო დარტყმა მოიგერია.

30-ე წუთისთვის თამაშის სურათი შეიცვალა. კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან მარჯვენაზე გადაინაცვლა, რისთვისაც სტუმრები აშკარად მოუმზადებელი აღმოჩნდნენ. შედეგად, ქართველების შეტევა გაცილებით გააქტიურდა. 35-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და სტოლე დიმიტრიევსკიმ თავისი გუნდი გადაარჩინა, თუმცა კუთხურის ფასად, რომელსაც გოლი მაინც მოჰყვა. კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა და მისი პასის შემდეგ მაკედონიელთა ფორვარდმა ბოიან მიოვსკიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. რომ არა ის, იქვე ჩასაფრებული გურამ კაშია იყო და ალბათ, გოლი მაინც გავიდოდა.

გატანილი გოლის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი გაცილებით უკეთ ათამაშდა და შესვენებამდე შეეძლო სხვაობის გაზრდა. ჯერ ბუდუ ზივზივაძის დარტყმა მცირედით არაზუსტი გამოდგა, მერე კი იმავე ზივზივაძის აქტიურობის შედეგად შანსი დავითაშვილს მიეცა, მაგრამ ზუსტად ვერც მან დაარტყა.

მეორე ტაიმი ჩრდილოეთ მაკედონიის აშკარა უპირატესობით დაიწყო, რაც ქართველი ფეხბურთელების მიერ პასების დროს ხშირი შეცდომებითაც იყო განპირობებული. შედეგად, რომ არა მამარდაშვილი, ანგარიში აუცილებლად გათანაბრდებოდა, მაგრამ ქართველმა მეკარემ სამჯერ შესანიშნავად ითამაშა, ერთხელაც კი ელმასმა კარს ააცილა. სანიოლის გუნდმა მეორე ნახევარში პირველი მომენტი 55-ე წუთზე შექმნა, როცა კვარაცხელიას შორეული დარტყმა ძალიან მცირე მანძილით ასცდა დიმიტრიევსკის კარს. რთული დასაწყისის მიუხედავად, საქართველომ გოლი მაინც გაიტანა, რაც მთლიანად ზივზივაძის დამსახურებაა!

ქართველმა ფორვარდმა მოედნის ცენტრში მეტოქეს პასი ჩაუჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა. ბუდუს დარტყმა ნამდვილად შეეძლო, თუმცა კვარაცხელია შენიშნა, რომელსაც პასი გაუკეთა და ხვიჩამ ცარიელ კარში გადაგზავნა - 2:0. ბუდუმ 71-ე წუთზე კიდევ ერთხელ ითამაშა ფანტასტიკურად, როცა ისევ ბურთი მოიპოვა, დაახლოებით 70 მეტრი ირბინა კარამდე, გზად მეტოქეც ლამაზად მოატყუა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ სამწუხაროდ, დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

დარჩენილ დროში საქართველომ უკან დაიხია და მაკედონიელები ფლობდნენ უპირატესობას, რომლებმაც სახიფათო მომენტებიც შექმნეს, ერთხელ კი გიორგი მამარდაშვილმა ენის ბარდის ძალიან რთული დარტყმა მოიგერია. თუმცა, ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 2:0 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 55 000

საქართველო (3-4-3): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72); კაკაბაძე, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), კვეკვესკირი, წიტაიშვილი (აზაროვი 72); დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78), კვარაცხელია

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

ჩრდ. მაკედონია (4-4-2): დიმიტრიევსკი; ზაიკოვი, მუსლიუ, ველკოვსკი (სერაფიმოვი 73), ალიოსკი; აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), ბარდი (ელეზი 84), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ელმასი; მიოვსკი, მ. რისტოვსკი (ათანასოვი 73)

მწვრთნელი: ბლაგოია მილევსკი

გოლები: 1:0 მიოვსკი (35, ა.გ), 2:0 კვარაცხელია (64)

გაფრთხილება: ხოჭოლავა (29) - მუსლიუ (14)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 19 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:9 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)

1. საქართველო 5 4 1 0 14 2 12 13
2. ჩრდ. მაკედონია 5 2 1 2 7 6 1 7
3. ბულგარეთი 5 1 3 1 9 8 1 6
4. გიბრალტარი 5 0 1 4 2 16 -14 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115917