ავტოსპორტი

3:14 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩედვიკი ფორმულა 1-ში გადასვლის იმედს არ კარგავს

ფორმულა 1-ის ბოს სტეფანო დომენიკალის ნათქვამი აქვს, რომ ფორმულა 1-ში უახლოეს მომავალში ქალი პილოტის გამოჩენას არ ელის. მაგრამ ქალთა სარბოლო სერია W-ს ორგზის ჩემპიონს, ბრიტანელ ჯეიმი ჩედვიკს იმედი აქვს, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში ოცნებას აისრულებს და დიდი პრიზების ცირკში შეაღწევს.

ჩედვიკი ახლა 24 წლისაა და ქალთა სარბოლო სერიაში დომინირებს. მალე ის ალბათ ჩემპიონის მესამე ტიტულსაც (ამდენივე ჩემპიონატში) დაეუფლება. ამის საშუალება მას სინგაპურში მომდევნო კვირის ბოლოს მიეცემა.

ახლახანს მან „ანდრეტი ავტოსპორტთან“ ერთად, სებრინგის ტრეკზე, ინდი ლაითის სერიის ავტომობილის ტესტებში მიიღო მონაწილეობა. ამ ეტაპზე ჩედვიკი კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი, ინდი ლაითში (შემდეგ კი ინდიქარშიც) გადასვლაა.

„ჩემი მიზანი ფ1-ში გადასვლაა და ვფიქრობ, ამას უახლოეს ხუთ წელიწადში შევძლებ. სუპერ ლიცენზიის მისაღებად, ამ დროში ბევრი რამის მიღწევა მჭირდება. ამიტომ მთავარია, ისეთ სერიაში ვიასპარეზო, სადაც სალიცენზიო ქულების დაგროვებას შევძლებ.

ფორმულა 1-ს ქალი პილოტი ბოლოს 1976 წელს ჰყავდა, იტალიელი ლელა ლობარდის სახით. ინდიქარში კი ბოლო წლებში არაერთ ქალ პილოტს უასპარეზია. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, დანიცა პატრიკია, ვინც 2008 წელს რბოლის მოგებაც კი შეძლო.

ჩედვიკი „უილიამსის“ ფ1-ის გუნდის განვითარების პროგრამის პილოტია. ის ამბობს, რომ დომენიკალის ნათქვამი არ ანაღვლებს. პირიქით, მოტივაციას უძლიერებს, რათა საპირისპირო დაუმტკიცოს.

„ვიცი, რომ შესაბამის სალიცენზიო სერიაში წარმატების შემთხვევაში, ფორმულა ერთში გზა გამეხსნება. ჩემი მიზანი სწორედ ესაა. როდესაც ანდრეტი ტესტების საშუალებას მაძლევს, ეს ნიშნავს, რომ მას ჩემი სჯერა. ასეთი ადამიანები მე განვითარებასა და წინსვლაში მეხმარებიან“, - ამბობს ჩედვიკი და დასძენს, რომ სებრინგის ტესტებით კმაყოფილი დარჩა.

ის ამბობს, რომ ამერიკაში ერთი სეზონის გატარება, მიზნისკენ მორიგი ნაბიჯის გადასადგმელად კარგ პლატფორმას შეუქმნის. ჩედვიკი არ მალავს, რომ მის ოპციებში შედის ფორმულა 3, ფორმულა 2, ასევე ინდი ლაითი.

0.102139