ფეხბურთი

19:35 | 22.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდ. მაკედონიის მწვრთნელი: "საქართველო ახლა განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე მანამდე"
"სკოპიეში" უკეთესები ვიყავით, მაგრამ ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ყველაფერს გააკეთებენ.

„მე აქცენტს ყოველთვის საკუთარ გუნდზე ვაკეთებ, რათა მოედანზე მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ჩემთვის პირადად მთავარი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ გამორჩეული მოთამაშეებიც გყავთ, რისი მაგალითი ხვიჩა კვარაცხელიაა. თუმცა, ჩემთვის მთავარი გუნდია და არა ინდივიდუალური მოთამაშეები, ამიტომ, მეტოქესაც შესაბამისად ვსწავლობთ.

ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, როგორც წინა ევროპის ჩემპიონატის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში. თუმცა, ერთა ლიგის ეს ციკლი საკმაოდ ცუდად დავიწყეთ, რადგან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით ბევრი ტრავმირებული მოთამაშის გამო, ცვლილებების გაკეთება მოგვიწია. გუნდის განახლება ახლაც მიმდინარეობს, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ამ მომენტისთვის მაინც გვაქვს ამ ჯგუფის მოგების შანსი და ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული იქნება, მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი შევინარჩუნოთ. საქართველო განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ადრე, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შეცდომები, რომელიც სკოპიეში დავუშვით, მინიმუმამდე დავიყვანოთ. იმ მატჩში წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, ყოველთვის საუკეთესო არ იმარჯვებს. ჩვენ აქ მოსაგებად ვართ, - თქვა მილევსკიმ.

პრესკონფერენციაზე ასევე იყო ჩრდილოეთ მაკედონიისა და სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელი ეზგინ ალიოსკი, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი:

„ჩვენ ეს სტადიონი ძალიან კარგად გვახსოვს, ოცნება ავისრულეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლით, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა. ველით, რომ კარგი ატმოსფერო იქნება, თუმცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის დავალება არ იცვლება. სკოპიეში მარცხი ჩვენთვის მტკივნეული იყო, აქ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრად უკეთ თამაში შეგვიძლია და დადებით შედეგს მივაღწიოთ“, - თქვა ალიოსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 10 ქულით ლიდერია და ერთადერთ კონკურენტ ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს, თანაც მის წინააღმდეგ სტუმრად 3:0 აქვს მოგებული. ვილი სანიოლის გუნდი 23 სექტემბერს, სწორედ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს (20:00 საათი), ხოლო 26 სექტემბერს, ბოლო ტურში სტუმრად გიბრალტარს (22:45 საათი) დაუპირისპირდება. აქვე ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (7 მოგება, 2 ფრე). ვილი სანიოლის გუნდს პირველი ადგილისთვის ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეც ჰყოფნის.

0.105973