ფეხბურთი

20:26 | 21.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი: "კვარაცხელია სათამაშო სტილით მგავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯანლუიჯი ლენტინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც ლენტინიმ აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი მას სათამაშო სტილით ჰგავს.

„დიახ, ვაღიარებ, რომ კვარაცხელიაში ჩემს სათამაშო თვისებებს ვხედავ. სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არ ვიცოდი. ამ სეზონის დასაწყისში ვნახე და ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ის ბურთს კარგად ფლობს და ამიტომ, ფიზიკურად მასთან დაპირისპირებაც რთული ხდება. დღევანდელ ფეხბურთში განსხვავებას ეს კომპონენტი ქმნის: როცა, ტექნიკურობის გარდა, სწრაფი ხარ, ფიზიკურად ძლიერიც, მაშინ მართლაც შესანიშნავი მოთამაშე ხარ“, - თქვა ლენტინიმ.

ჯანლუიჯი ლენტინი გარემარბი იყო და კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, თუმცა ყველაზე წარმატებული პერიოდი „ტორინოში“ გაატარა, ასევე გახლდათ „მილანისა“ და ბერგამოს „ატალანტას“ წევრიც, იტალიის ნაკრებში კი 1991-1996 წლებში 13-ჯერ ითამაშა. სხვათა შორის, რამდენიმე ხნის წინ ვეტერანმა ფეხბურთელმა დანიელე ადანიმ თქვა, რომ კვარაცხელიას თამაშის მანერით ყველაზე მეტად სწორედ ჯანლუიჯი ლენტინი გაახსენდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ორ-ორჯერ კი საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118664