ფეხბურთი

2:07 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "დესტის გამო არ წაგვიგია, კვარაცხელიასთან კალაბრიასაც გაუჭირდა"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, წაგებას არ იმსახურებდნენ, რადგან ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს და მარცხით ძალიან იმედგაცრუებულია.

პიოლიმ ისიც თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგი ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგ დავიდე კალაბრიას თამაში გაუჭირდა.

„ვიცით, რომ ძლიერი გუნდი ვართ, მაგრამ კარგ თამაშს შედეგიც უნდა შევუხამოთ. დასანანია ასეთი წაგება, რადგან კარში ბევრჯერ დავარტყით და მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ. ბევრ გოლს ვუშვებთ? ვეთამაშეთ „ნაპოლის“, რომელმაც „ლივერპულს“ 4 გოლი გაუტანა, თუმცა ჩვენ მათ ბევრი მომენტის შექმნის შესაძლებლობა არ მივეცით. პრობლემა ისაა, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

კიაერი და კალაბრია ყვითელი ბარათების გამო შევცვალე? კიაერი კი, რადგან ასეთი სწრაფი თავდამსხმელების წინააღმდეგ მისი მოედანზე დატოვება სარისკო იქნებოდა. კალაბრია კარგად თამაშობდა ორივე ფაზაში და არ შევცვლიდი, მაგრამ კუნთები დაეჭიმა. თამაშის დესტის გამო წავაგეთ? არა, დესტი შესანიშნავი ფეხბურთელია, როგორც კვარაცხელია. ქართველის წინააღმდეგ კალაბრიასაც გაუჭირდა“, - აღნიშნა პიოლიმ.

მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.

0.118489