ფეხბურთი

19:14 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბოლოადგილოსანთანაც წააგო: "მონცამ" ისტორიაში სერია A-ს მატჩი პირველად მოიგო

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეშვიდე ტურში „მონცასთან“ წააგო და ღრმა კრიზისშია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა კიდევ ერთხელ ითამაშა კატასტროფული ფეხბურთი და დამსახურებულად დარჩა უქულოდ.

„იუვეს“ 90 წუთის განმავლობაში არათუ რეალური, ნახევრად საგოლე მომენტიც არ შეუქმნია და 74-ე წუთზე გოლიც გაუშვა, რომელიც კრისტიან გიტკიაერის ანგარიშზეა.

„იუვენტუსს“ სერია A-ს 7 ტურში მხოლოდ 10 ქულა აქვს დაგროვილი (2 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება), ამას თუ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ტურში ორ მარცხს დავუმატებთ, სიტუაცია მართლაც კრიტიკულია.

სხვათა შორის, „მონცა“ ამ ტურამდე ერთადერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და სერია A-ში თავის ისტორიაში პირველი თამაში მოიგო.

"იუვენტუსივით" უმძიმესად არ გამოიყურება "ინტერი", მაგრამ სეზონის არც მილანურ კლუბს დაუწყია კარგად. სიმონე ინძაგის გუნდი უდინეში "უდინეზესთან" იგებდა, თუმცა შემდეგ სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა. "ნერაძურისთვის" ეს მესამე მარცხია 7 ტურში, რაც ძალიან ცუდი შედეგია. მილანელებს 12 ქულა აქვთ, ხოლო "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთედ მოიგო და ამ წუთისთვის 16 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111817