ფეხბურთი

18:05 | 18.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "დინამო ბათუმს" მოუგო და საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ბრძოლა დაიძაბა, რადგან „დინამო ბათუმმა“ ისევ წააგო - ბოლო სამ ტურში მეორედ.

გია გეგუჩაძის გუნდი სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა და ძალიან ცუდად ითამაშა, შედეგად, 0:1 დამარცხდა. გამარჯვების გოლი 27-ე წუთზე მერაბ გიგაურმა გაიტანა. ამრიგად, „დინამო ბათუმს“ 60 ქულა დარჩა და დღეს „დინამო თბილისი“ „გაგრას“ თუ მოუგებს, ლიდერებს შორის სხვაობა მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ქულა იქნება. ასე რომ, ყველაფერი წინაა და წინ მთელი ერთი წრეა. „დინამო ბათუმი“ მომდევნო ტურში ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.

ცალკე უნდა ვთქვათ ქუთაისის „ტორპედოზე“, რომელმაც მესამე წრეში 7 მატჩი მოიგო (1 ფრე, 1 წაგება) და შედეგად 22 ქულა დააგროვა, იმაზე მეტი, ვიდრე პირველ-ორ წრეში ერთად (21). ამრიგად, თუ მანამდე „ტორპედო“ გადარჩენისთვის იბრძოდა, ახლა მესამე ადგილზე მოკალათდა, გაასწრო რა თითო ქულით „დილასა“ და სამგურალს“, შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდს კონფერენს ლიგაზე გასვლის რეალური და შესანიშნავი შანსი გაუჩნდა. იმერლები მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდებიან.

ტურში კიდევ ერთი მატჩი აუტსაიდერთა შორის გაიმართა - „ლოკომოტივმა“ და „სიონმა“ ქულები გაიყვეს - 2:2. თბილისელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ბოლნისელებმა ორჯერვე გაათანაბრეს. „ლოკოს“ 27 ტურში მხოლოდ 6 ქულა აქვს და ცხადია, ქვედა ლიგაში დაქვეითება მხოლოდ დროის საკითხია, ხოლო „სიონი“ 28 ქულით მერვე პოზიციაზეა. მომდევნო ტურში თბილისელები „თელავს“ და ბოლნისელები „დინამო ბათუმს“ შეხვდებიან.

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 გიგაური (27)

„ლოკომოტივი“ – „სიონი“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 ძებნიაური (43, პენ), 1:1 ნ. ხორხელი (52), 2:1 მახარობლიძე (54), 2:2 ნ. ხორხელი (68, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114741