ფეხბურთი

1:38 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო ფერარა: "კვარაცხელია ძალიან კარგია, მაგრამ მარადონას არ უნდა შევადაროთ"

იტალიის ნაკრების, „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი დიეგო მარადონას არ უნდა შეადარონ. აღსანიშნავია, რომ ფერარა მარადონასთან ერთად თამაშობდა და მისი ახლო მეგობარიც იყო.

„კვარა ცოტათი მარადონას ჰგავს? არა, კვარადონაც არ არის. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ გამაკვირვა, რადგან ბურთს ძალიან ადვილად აკონტროლებს და ვიწრო სივრცეებში მიმართულებასაც იოლად იცვლის, ორივე ფეხით კარგად ურტყამს. მან აქამდე თავისი მთელი შესაძლებლობები გვიჩვენა“, - თქვა ფერარამ.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად საფეხბურთო აგენტი მასიმო ბრამბატი მიიჩნევს, რომ „მილანთან“ მატჩის ბედს ხვიჩა კვარაცხელია გადაწყვეტს:

„ვინ გადაწყვეტს მატჩის ბედს? კვარაცხელიას მეურვეობა გადამწყვეტი იქნება და ეს მილანელებმა ძალიან ყურადღებით უნდა გააკეთონ. თუ მას კალაბრია დაუდგება, მაშინ ნახვამდის.. ქართველი შეიძლება იყოს ამ მატჩის გადამწყვეტი მოთამაშე“, - აღნიშნა ბრამბატიმ.

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო დელ ჯენიო კი ლუჩანო სპალეტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, კვარაცხელიამ პასები უფრო ხშირად უნდა გააკეთოს:

„პირადად მე მის თამაშს ამ დროისთვის 8 ქულა დავუწერდი და ვეტყოდი, რომ ასე გააგრძელოს. მოუსმინეთ სპალეტის სიტყვებს, რომელიც ამბობს, რომ ის ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს? ეს იმის, ფონზე, რომ სხვები კვარაცხელიას მსგავსად ვერც კი თამაშობენ. თუ ჩვენ გვსურს საშინაო დავალების მოთამაშეები, რომლებიც ახალს არასდროს არაფერს იგონებენ, მაშინ ისინი არც არასდროს დაუშვებენ რაიმე გადაწყვეტილების მიღების დროს შეცდომას. ზუსტად იმიტომ, რომ ისინი ვერასდროს ვერაფერს გადაწყვეტენ. თუ კვარაცხელია ყველა გადაწყვეტილებას სწორად მიიღებს, ყველა მატჩს 4:0-ს მარტო მოიგებს და იანვარში უკვე მადრიდის „რეალში“ წავიდოდა. მე ვფიქრობ, რომ მას შეცდომების დაშვების უფლება უნდა მივცეთ. პოლიტანოზე მეტად ეგოისტიც კი არ არის. იმედი მაქვს, რომ სპალეტის ეს განცხადება სერიოზულად არ გაუკეთებია, რადგან თუ ასეა, მაშინ ყველაფერი სხვაგვარადაა. დელიკატური და სახიფათო ასპექტია, შეიძლება ის დაიძაბოს. ის არის ტალანტი, რომელიც არ უნდა შევაჩეროთ“, - თქვა დელ ჯენიომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112412