ფეხბურთი

1:06 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, "ნაპოლი" ჯგუფში ლიდერია

„ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგაზე იდეალურ გამოსვლას აგრძელებს და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა „აიბროქსზე“ „რეინჯერსი“ 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მომენტიც, მეტ-ნაკლებად სახიფათო, რამდენჯერმე ჰქონდა, ნეაპოლელებმა ანგარიშიც მისი აქტიურობით გახსნეს.

68-ე წუთზე კვარამ კარისკენ დაარტყა და ბურთი ხელზე ბარიშიჩს მოხვდა, რის შედეგადაც პენალტი დაინიშნა. ბურთი ხელში ქართველმა აიღო, თუმცა პენალტი მაინც არ დაარტყმევინეს, ის მატეო პოლიტანომ შეასრულა და გაიტანა. სხვათა შორის, 8 წუთით ადრე ნეაპოლელებმა კიდევ ერთი პენალტი დაარტყეს, ოღონდ პიოტრ ზელინსკიმ, თუმცა ვერ გაიტანა. მას მეკარემ აუღო და დამატებაზე პოლიტანომ შეაგდო, მაგრამ გოლი გაუქმდა - პენალტის შესრულების მომენტში მსაჯმა წესის დარღვევა დააფიქსირა. განმეორებითი პენალტი ჟელინსკიმ ისევ ვერ გაიტანა, კვლავ მეკარემ აჯობა.

აი, 8 წუთის შემდეგ ხვიჩას მოპოვებული პენალტის დროს ალბათ ბევრს ეგონა, რომ ქართველი დაარტყამდა, მაგრამ სულაც არა, როგორც ვთქვით, მისი შესრულება პოლიტანოს მიანდეს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 21 წლის ქართველს ლუჩანო სპალეტიმ წინა მატჩებისგან განსხვავებით ბევრად მეტი დრო დაუთმო და მხოლოდ 90-ე წუთზე შეცვალა. იქამდე იყო ძალიან მაგარი დრიბლინგი, როცა საჯარიმოსთან წააქციეს, თორემ ვინ იცის, შეტევას როგორ დაასრულებდა.

„ნაპოლი“ პოლიტანოს პენალტის შემდეგ კიდევ ორჯერ გაიტანა ჯაკომო რასპადორისა და ტანგი ნდომბელეს მეშვეობით და 3:0 მოიგო. შედეგად, იტალიური კლუბი 6 ქულით ჯგუფის სათავეშია, მომდევნო ტურში კი ამსტერდამის „აიაქსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113725