ფეხბურთი

1:40 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მედიის შეფასება კვარაცხელიაზე: "ალექსანდერ-არნოლდი დააპატარავა"

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა და „ლივერპულთან“ მოგებულ მატჩში (4:1) დიდებული საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ხვიჩამ კიდევ ორ საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა და გამორჩეულად ითამაშა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში ნეაპოლიტანურმა და იტალიურმა მედიამ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად შეაფასა:

Tuttonapoli 8 ქულა: „ვინც შეშინებული იყო ჩემპიონთა ლიგაზე მისი გამოუცდელობით, ცდებოდნენ: მისთვის არაფერი იცვლება, მეტოქეებს ისევ ისე ატყუებს, როგორც სერია A-ში. თითქმის ყველა სახიფათო შეტევა მან დაიწყო. გასაოცარი იყო მესამე გოლის მომენტში, როდესაც სიმეონეს ბურთი მხოლოდ ბადეში უნდა მოეთავსებინა. მას ყველაფერი აქვს: ხარისხი ვიწრო სივრცეებში, ფიზიკური ძალა და თავდაცვითი უნარებიც. როგორც კი დაკარგა სიმწვავე, სპალეტიმ შეცვალა“.

Calciomercato 7.5: „ქართველი ჩემპიონთა ლიგაზეც სცენაზეა. გომესი ვერასდროს ახერხებს მასთან დაპირისპირებას, როცა ეს გააკეთა, ყოველთვის ინგლისელი დამარცხდა. სიმეონეს საგოლე პასის მომენტში მისი მოქმედება ნამდვილი ჩემპიონის თამაში იყო“.

Calcionapoli 8: „მან ისევ იფეთქა. 28-ე წუთზე ცარიელ კარში ვან დეიკმა ჩაახშო „მარადონას“ ყვირილი, მიიღო მონაწილეობა მეორე გოლში და მესამე გოლზე ორი წარმოუდგენელი დრიბლინგი შეასრულა. ალექსანდერ-არნოლდი დააპატარავა“.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ გასვლაზე შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111005