ფეხბურთი

19:00 | 6.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მინდა, რომ ხვიჩა ტოპფეხბურთელი იყოს და ამიტომ შრომა არასდროს უნდა შეწყვიტოს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა იტალიური მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხვიჩამ შრომა არ უნდა შეწყვიტოს, რადგან ტოპფეხბურთელობისთვის ეს აუცილებელია.

„კვარაცხელია კარგად თამაშობს, იტალიაში თამაში მნიშვნელოვანი გამოცდაა ქართველი ფეხბურთელისთვის, მაგრამ რაც დღემდე აჩვენა, ძალიან დადებითია. მისი ძალიან მჯერა და როგორც კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი, მაშინვე შევამჩნიე. მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები და ეფექტურობის წარმოუდგენელი უნარი აქვს. გარდა ამისა, რომ მჯერა, მას სპალეტისთან მუშაობა ზრდაში დაეხმარება, რადგან „ნაპოლის“ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს.

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კვარაცხელიას და ყოველჯერზე, როცა მას ველაპარაკები, ერთ რამეს ვეუბნები: რაც უნდა მოხდეს, შრომა უნდა გააგრძელოს. ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მუშაობას თუ შეწყვეტენ, საშუალო დონის მოთამაშედ იქცევიან და მე არ მინდა, ის საშუალო დონის მოთამაშე იყოს, არამედ უნდა გახდეს ტოპფეხბურთელი. საუკეთესო მოთამაშედ გახდომის საიდუმლო კი არის ყოველთვის მუშაობა საკუთარ თავზე, მაშინაც კი, როცა ყველაფერი კარგად არ მიდის.

იმედი მაქვს, რომ კვარაცხელია კიდევ უფრო მაგარი იქნება, როცა საქართველოს ნაკრებში ჩამოვა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის მოსამზადებლად. ის ჩემი ნაკრების საკვანძო მოთამაშეა, ჩრდილოეთ მაკედონიასა და ბულგარეთთან შესანიშნავად ითამაშა. მაგრამ თუ მომატებული არ ექნება, მაინც ველოდები, რომ კარგ ფორმაში იქნება, როცა მაკედონიას შევხვდებით“, - თქვა სანიოლმა.

0.112411