ფეხბურთი

15:22 | 24.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ქურდაძე: "ევროთასებზე სხვა ტემპი, სხვა მსაჯობა და სხვა სისწრაფეებია"

ბექა ქურდაძე, რომელიც “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია, გარკვეული პაუზის შემდეგ კვლავ “საბურთალოს” დაუბრუნდა. ამპლუით მეკარესთან საუბარში, ბევრი საინტერესო რამ გავიხსენეთ, ასევე ვისაუბრეთ ევროტურნირებზე.

– ბექა, ბავშობა და სიჭაბუკე “საბურთალოში” გაატარეთ, თუმცა შემდეგ სხვა კლუბში გადაწყვიტეთ კარიერის გაგრძელება. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, რუმინულ FCSB-სთან მატჩებამდე კვლავ დედაქალაქურ კლუბს დაუბრუნდით. როგორია შთაბეჭდილებები?

– რა თქმა უნდა, მოხარული ვარ “საბურთალოში” დაბრუნებით. ამ კლუბში ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. “საბურთალომ” ბევრი რამ მასწავლა, მომცა. აქ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება, ბევრი სასიამოვნო რამ მახსენდება. ასე, რომ დადებითი ემოციებით ვარ.

– თქვენი თაობიდან ახლა გუნდში თქვენ და გურამ გოშთელიანი ხართ. გუნდში ასევე არიან ახალგაზრდა საბურთალოელები. რას იტყვით ამჟამინდელ კლუბზე?

– როდესაც ჩვენ პირველიდან უმაღლეს ლიგაში გადმოვედით, ეს ბიჭები, რომლებიც ახლა თამაშობენ “საბურთალოს” მთავარ გუნდში, აკადემიის ღირსებას იცავდნენ. თუმცა, ისე მოხდა, რომ ახლა ერთად ვთამაშობთ. “საბურთალოს” ერთ-ერთი ძლიერი აკადემია ჰყავს, ყოველთვის ზრდის საინტერესო ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. ძველი მწვრთნელთა შემადგენლობიდან, ზოგი სხვაგან მუშაობს, თუმცა, ძირითადად დიდი ნაწილი ისევ კლუბშია და თავის საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს. თავისთავად, შინაური გარემო დამხვდა, როგორც ყოველთვის მეგობრული ატმოსფეროა.

– გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები “საბურთალოში” და აქ გატარებული დრო…

– ბავშვობიდან “საბურთალოს” აკადემიაში ვთამაშობდი, ყოველთვის ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, გვქონდა ბევრი წარმატება. საქართველოში მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელებით გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასულიყო. ჩვენ ეს შევძელით და ისტორია დავწერეთ. ასევე, კარგად მახსენდება “ვოლსვაგენის” თასის ფინალში ესპანური “მალაგასთან” მოგება, 2013 წელს კი ასევე ფინალში “ატლეტიკოს” დამარცხება. შემდეგ იყო უკვე ქვეყნის ჩემპიონობა – 2018 წელს ბევრს არ ეჯერა, რომ “საბურთალო” პირველობას იზეიმებდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბის წარმატებაში ჩემი პატარა წვლილიცაა შეტანილი.

– “საბურთალომ” წლეულს ევროტურნირებზე ითამაშა. თქვენ, გუნდს მეორე ეტაპიდან შეუერთდით. როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა რუმინული ბარიერის დაძლევა?

– ჩვენ იშვიათად ვთამაშობთ ისეთი მაღალი დონის მატჩებს, როგორებიც ვითამაშეთ რუმინელებთან. ევრომატჩებში სულ სხვა ტემპია, სხვა მსაჯობა, სხვა სისწრაფეები… მეტი გამოცდილება რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო ამ ბერიერის დაძლევა. მიზანთან ახლოს ვიყავით, მაგრამ… ხშირად უნდა ვითამაშოთ მსგავსი დონის მატჩები, თუ გვინდა, რომ გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ.

– რა დაგანახათ ევროპულმა მატჩებმა?

– დამანახა ის, რომ შეგვიძლია თამაში, უფრო მეტად უნდა დავიჯეროთ ჩვენი თავის. თამაში ყველასთან შეიძლება და დაუმარცხებელი გუნდი არავინაა. ჩვენ, თბილისში მაქსიმალურად რომ გამოგვეყენებინა მომენტები, ახლა შედეგი სხვა იქნებოდა. ვფიქრობ, ორ ბურთიანი უპირატესობით რომ წავსულიყავით რუმინეთში, შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდოდით.

– ახლა გუნდი საქართველოს პირველობაზე გადაერთო. შინაურ პირველობაზე რა გეგმები გაქვთ?

– “საბურთალოს” ყოველთვის ჰყავს ისეთი გუნდი, რომ მაღალი ადგილებისთვის იბრძოლოს, ან უეფას საგზური საქართველოს თასის მოპოვებით მოიპოვოს. გუნდში კარგი ფეხბურთელები თამაშობენ – როგორც გამოცდილები, ასევე ახალგაზრდები. ვფიქრობ, რომ ევროტირნირების საგზურის მოპოვება შეგვიძლია და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

– მართალია, “საბურთალოში” ცოტა ხნის წინ გადმოხვედით, მაგრამ ჯერ ოფიციალური მატჩი არ ჩაგიტარებიათ…

– დიახ, ჯერჯერობით არ მითამაშია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა. ველოდები როდის მომიწევს თამაში, მინდა გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

FCSABURTALO.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113847