ფეხბურთი

22:57 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის ორი საგოლე პასი ლიგა 2-ში

გიორგი მიქაუტაძემ სეზონი დიდებულად დაიწყო და მართალია, ამჯერად გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორი საგოლე პასი მიითვალა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეოთხე ტურში „მეცი“ „ლავალს“ ესტუმრა და მორიგ გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 3:3.

21-ე წუთზე ანგარიში იბრაჰიმა ნიანემ მიქაუტაძის პასით გახსნა, ხოლო 35-ე წუთზე მატიუ უდოლმა შეძლო ქართველის პასით გატანა. ამ ორი გადაცემიდან მეორე უფრო აღსანიშნავია - ჩინებული პასი იყო. მიქაუტაძე მე-80 წუთზე შეცვალეს.

„მეცმა“ ტაიმი 3:1 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში კაცნაკლული დარჩა, რის შედეგადაც უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 75-ე და 93-ე წუთებზე ორჯერ გაუშვა და ორი ქულა დაკარგა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულეს.

გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში ოთხ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს აქტივში, ხოლო „მეცი“ 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

0.110714