კალათბურთი

10:25 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა საქართველოს ნაკრებზე: "შეიძლება A ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტიც იყოს"
"თბილისი არენაზე" გულშემატკივარი მე-6 მოთამაშის როლს შეასრულებს"

კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება და ფიბამ ევრობასკეტის წინ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრები წარადგინა.

„ახლა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების, ქართული კალათბურთის და შეიძლება ითქვას, მთელი საქართველოს დროა. ლოდინი დასრულდა: თბილისი ისტორიაში პირველად მასპინძლობს ევრობასკეტს. ქვეყნისთვის, სადაც ძალიან ვნებიანად უყვართ სპორტი და დიდი ტრადიცია აქვს, ეს ტურნირი რაღაც განსაკუთრებული უნდა გახდეს.

თუმცა, ამდენი ყურადღებისა და დიდი მოლოდინის გამო, ილიას ზუროსის გუნდის მხრებზე ზეწოლა იზრდება. ქართველ გულშემატკივრებს სურთ გამარჯვების მოწმენი გახდნენ ახალ "თბილისი არენაზე" და უნდათ თავიანთი ეროვნული ნაკრების ისტორიის დაწერაც იხილონ - ევრობასკეტის პლეი-ოფში გასვლა.

ეს იქნება საქართველოს ნაკრების მეორე ევრობასკეტი ბერძენი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ, რაც 2017 წელს თელ ავივში უკრაინასთან მარცხის გამო ჯგუფიდან ვერ გავიდა.

საქართველომ, როგორც თანამასპინძელმა მოიპოვა კვალიფიკაცია, მაგრამ შესარჩევ ციკლში მაინც მონაწილეობა, რათა ტურნირის წინ კონკურენტული თამაშების გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა. E ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა 4 გამარჯვებით, მათ შორის, შთამბეჭდავი იყო სერბეთის ნაკრებთან ბელგრადში მოგება. ეს მოხდა თად მაკფადენის წარმოუდგენელი თამაში შემდეგ, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, ხოლო გიორგი შერმადინმა 23 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ქართველებმა მაშინ ევროპას დიდი მესიჯი გაუგზავნეს: არ არსებობს გუნდი, რომელსაც ვერ დავამარცხებთ.

ზუროსის განკარგულებაში ახლა ქვეყნის ყველა საუკეთესო მოთამაშეა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი და ზემოხსენებული ბომბარდირი მაკფადენი. რატი ანდრონიკაშვილი მაკფადენს უკნიდან დაეხმარება, გიორგი ცინცაძე კი გუნდს უსაზღვრო გამოცდილებითა და შეტევის ორგანიზებით დაეხმარება. ზუროსს ასევე შეუძლია დაეყრდნოს კახა ჯინჭარაძეს, დუდა სანაძეს და ბექა ბურჯანაძეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და კარგად ვიცით, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისი გუნდის წარმატებისთვის. საქართველოს დიდი კაცებიც არ აკლია. სანდრო მამუკელაშვილს სამქულიანების ჩაგდებაც შეუძლია, ხოლო გიორგი შერმადინისა და გოგა ბითაძის დუეტი ცენტრის პოზიციაზე ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა. შერმადინი ამ ევრობასკეტს, როგორც ესპანეთის ლიგა ენდესას ერთ-ერთი ელიტური ცენტრი ხვდება, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, თუ ის თბილისში შოუს მოიპარავს.

საქართველოს ნაკრები საკმაოდ დაბალანსებულად გამოიყურება და ქაღალდზე მაინც ისე ჩანს, რომ ბერლინის ბილეთების აღება უნდა შეძლონ. თუ ამას დავუმატებთ, რომ „თბილისი არენაზე“ გულშემატკივარი მეექვსე კაცის როლს შეასრულებს, ვინ იცის, შესაძლოა, A ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტსაც ვუყურებდეთ“, - წერს ფიბას ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე ბელგიას (1 სექტემბერი), ესპანეთს (3 სექტემბერს), თურქეთს (4 სექტემბერს), ბულგარეთსა (6 სექტემბერს) და მონტენეგროს (7 სექტემბერს) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103524