ფეხბურთი

22:10 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური დებიუტი: კვარაცხელიას გოლი და საგოლე პასი სერია A-ს პირველ მატჩში (+VIDEO)

უკეთესს დებიუტს ალბათ ბევრი ვერ ინატრებდა და ვერ წარმოიდგენდა! ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს პირველივე მატჩში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

„ნაპოლი“ სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდა და ნეაპოლელთა სეზონის პირველი გოლი 21 წლის ქართველი შემტევის ანგარიშზეა.

„ნაპოლი“ „ბენტეგოდზე“ აგებდა, მაგრამ 37-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ირვინგ ლოზანომ ჩააწოდა და კვარაცხელიამ სადებიუტო გოლი თავით გაიტანა. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი ნეაპოლელები ვიქტორ ოსიმენმა დააწინაურა. გოლი კუთხურს მოჰყვა, რომელიც კვარაცხელიას აქტიურობით დაინიშნა. ქართველმა კარგი პასი გაუკეთა სამბო ანგისას და კამერუნელმა გამოიმუშავა კუთხური, რაც გოლით დასრულდა. ვთქვათ, რომ კვარაცხელია მესამე ქართველია კახა კალაძისა (13 გოლი) და ლევან მჭედლიძის (11) შემდეგ, რომელმაც სერია A-ში ითამაშა და გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის სტარტზე ვერონელებმა გათანაბრება მოახერხა, თუმცა, დროებით. სულ მალე ხვიჩამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა: 55-ე წუთზე მან ერთი შეხებით დიდებული პასი გაუკეთა პიოტრ ზიელინკის, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და გაიტანა. შემდეგ თავი სტანისლავ ლობოტკამაც გამოიჩინა და უპირატესობას ორამდე გაზარდა, რასაც სპალეტის მხრიდან ცვლილება მოჰყვა - კვარაცხელია 68-ე წუთზე შეცვალა, როცა მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. დარჩენილ დროში თავი მატეო პოლიტანომაც გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "ნაპოლიმ" დიდებული სტარტი აიღო - 5:2.

უნდა აღინიშნოს, რომ იქამდე, სანამ „ნაპოლი“ სეზონის პირველ გოლს გაიტანდა, რომელიც კვარას ანგარიშზეა, მოედანზე ყველაზე აქტიური ქართველი იყო და ორჯერ მისი სახიფათო დარტყმა მეკარე მონტიპომ კუთხურზე მოიგერია.

„ნაპოლი“ სერია A-ს მეორე ტურში 21 აგვისტოს, „მონცას“ უმასპინძლებს და ამჯერად ხვიჩა „სტადიო დიეგო მარადონაზე“ პირველად ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.675318