ავტოსპორტი

4:24 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ ძრავს ბელგიის რბოლისთვის განაახლებს

„ფერარის“ შეფმ მატია ბინოტომ (ფოტოზე) განცხადა, რომ მისი გუნდი არდადეგების შემდგომ პირველივე რბოლაზე, ბელგიის დიდ პრიზზე, განახლებული ჰიბრიდული ძალური დანადგარებით იასპარეზებს.

მოქმედი რეგლამენტის შესაბამისად, 1 მარტიდან აკრძალულია შიდაწვის ძრავების, ტურბინების და ენერგიის აღდგენის თბური სისტემების (MGU-H) სრულყოფა. 1 სექტემბრიდან კი აიკრძალება კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემის (MGU-K), ელემენტების ბლოკის და ძალური დანადგარის მართვის ელექტრონული სისტემის სრულყოფა.

ამგვარად, ბელგიის ეტაპი იქნება ბოლო, რომლისთვისაც გუნდები განახლებული ძრავების გამოყენებას შეძლებენ. ბინტო ამბობს, რომ სიმძლავრის სოლიდური ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა აგრეგატი წინამორბედზე უკეთესი იქნება, რასაც სასტენდო ტესტები ადასტურებს.

1 სექტემბრის შემდეგ, ძრავების სრულყოფა 2026 წლამდე აიკრძალება. შემდეგ კი ძალაში ძრავების ახალი რეგლამენტი შევა. ძრავებზე მუშაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ ტექნიკური მახასიათებლები უცვლელი დარჩება და მხოლოდ ძრავის გამძლეობა გაუმჯობესდება.

საინტერესოა, რომ ამ სეზონისთვის ძრავის მზადებისას, „ფერარიმ“ აქცენტი სიმძლავრეზე გააკეთა. აგრეგატების გამძლეობის გასაუმჯობესებლად კი მომდევნო სეზონებში მუშაობასაც შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114963