ფეხბურთი

10:25 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეაპოლური მედია კვარაცხელიაზე: "სპალეტისგან ტაში მიიღო და მისი თამაშის ყურება საოცრად სასიამოვნოა"

„ნაპოლიმ“ ესპანურ „მალიორკასთან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ესპანურ კლუბს დაუზავდა - 1:1. ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, თუმცა ძალიან აქტიური იყო და გასაკვირი არ არის, რომ ნეაპოლური მედიისგან ცალსახად დადებითი შეფასებები მიიღო.

ხვიჩას თამაშზე ადგილობრივი გამოცემები წერენ და „მალიორკასთან“ არა მხოლოდ მისი შემტევი პოტენციალით, არამედ დაცვითი უნარებითაც აღფრთოვანდნენ.

„რა სასიამოვნოა მისი თამაშის ყურება. გოლთან ახლოს იყო, როცა თითქმის თავისი სახლიდან დაარტყა, შემდეგ ერთი მეტოქე ორჯერ მოატყუა, მაგრამ კარს ისევ ააცილა. ის აგრძელებს შესანიშნავად თამაშს, მაგრამ ალბათ, რაც ყველაზე კარგის მომასწავებელია, მსხვერპლის გაღებაა, როცა ბურთი არ აქვს“, - წერს Tuttonapoli.

„ის თავისივე შუქით ბრწყინავს და არა „სტადიო პატინის“ ფარების ანარეკლით“, - წერს Calcionapoli24.

„ნაპოლიმ“ ნამდვილი სამკაული იპოვა. თამაშიდან თამაშამდე მაღალ დონეს აჩვენებს. როდესაც ბურთს იღებს, ძნელია მისი შეჩერება“, - წერს Calciomercato.

„კვარაცხელია სრულ დიაპაზონში, დიდი დაცვითი სამუშაო, სპალეტის აპლოდისმენტები. მწვრთნელმა დააფასა ქართველი გარემარბი დაცვით ფაზაში შეტანილი წვლილისთვის და თანაგუნდელების დასახმარებლად უკან დახევისთვის“, - წერს Areanapoli.

შეგახსენებთ, „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 3 აგვისტოს, „ჟირონასთან“ გამართავს, ხოლო ამ მოსამზადებელ ეტაპზე ქართველის აქტივში 4 თამაშში (თუმცა, არცერთში უთამაშია თავიდან ბოლომდე) 3 გოლი და 2 საგოლე პასია. „ნაპოლი“ სეზონს 15 აგვისტოს, „ვერონასთან“ შეხვედრით გახსნის.

0.112201