რაგბი

13:30 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: "ელიტისკენ მიმავალ რთულ გზაზე ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ"

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა იტალიის ნაკრები 28:19 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კომენტარი "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): „რთულია იტალიასთან მოგება დაგეგმო, თუმცა ჩვენ ეს მიზანი გვქონდა და შევასრულეთ. განსხვავებით წინა შეხვედრებიდან (ტიერ1-ის გუნდებთან), თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი – „დღეს ის დღე არ არის ტაბლოს არ შევხედოთ, დღეს ჩვენ გამარჯვება გვჭირდება“. ამ თამაშში მთელმა სამწვრთნელო შტაბმა, ბიჭებმა, დიდი შრომა ჩავდეთ და ბედნიერი ვარ რომ დაგვიფასდა.

ამ გამარჯვებამ დიდი თავდაჯერებულობა შეგვმატა. მთელს მსოფლიოს დავანახეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში და ელიტისკენ მიმავალ რთულ გზაზე ერთი საფეხურით წინ წავიწიეთ. ბოლო წლებში ძალიან რთული გზა გავიარეთ. პირველ რიგში იყო თაობათა ცვლა. დღეს ამ ბიჭებმა დაგვანახეს რა შეუძლიათ“,

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „გასახდელში რომ შევედით რამდენიმე მოთამაშემ ერთმანეთს გადავხედეთ და ვთქვით, ისე არ დაგვემართოს, რომ ახლა პორტუგალიასთან სირცხვილი ვჭამოთო. იოლი არ იქნება, მაგრამ ვნახეთ როგორი კარგი გუნდი ყავს პორტუგალიას, დაუფასებლობას არავინ გვაპატიებს და სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მაგ თამაშისთვის მომზადება“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა იტალია და ზოგადად, ტიერ 1-ის წარმომადგენელი მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიების ეგიდით ბოლოს მატჩს 16 ივლისს ქუთაისში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.098653