რაგბი

23:59 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრების მწვრთნელი: "საქართველომ გამარჯვება დაიმსახურა და თქვენთვის დიდი დღეა"

იტალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კირან ქროულიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (19:28) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან ქართველებმა გამარჯვება დაიმსახურეს და ეს საქართველოსთვის დიდი დღე იყო.

„საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა და მათ გამარჯვება დაიმსახურეს. ისეთივე დღეა საქართველოსთვის, როგორიც ჩვენთვის იყო კარდიფში, როცა უელსი დავამარცხეთ. 7 ერი? ეს არ არის საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ზედიზედ ორ ფაზაში თამაში გვიჭირდა და საჰაერო ბურთებზე თამაშში დაგვამარცხეს.

ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ფაზები, რომლებშიც ყველაზე მეტად გვიჭირდა, თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, ისევ წავაგებთ. ჩვენთვის ცუდი დღეს და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდებით იქ, სადაც ვიყავით. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ზედიზედ 4 გასვლითი თამაში ჩავატარეთ და 3 მოვიგეთ.

თამაში კარგად მოვამზადეთ, მაგრამ შესრულება გაგვიჭირდა, საქართველოს კი პრობლემა ამ კუთხით არ ჰქონია და გამარჯვებას ვულოცავ. საჰაერო ბურთებზე ჩვენი პრობლემა რუმინეთთანაც გამოჩნდა და ველოდით, რომ საქართველო ამ მხრივ ჩვენზე ზეწოლას მოახდენდა. არ არსებობს სათამაშო ასპექტი, რომელიც თამაშამდე არ მოვამზადეთ, უბრალოდ ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ.

ეს გამარჯვება ქართული რაგბისთვის დაახლოებით ისეთივე რამეა, რაც ჩვენ განვიცადეთ უელსთან გამარჯვებით. ეს იყო დიდებული შესაძლებლობა ბათუმისთვის და საქართველოსთვის. გულშემატკივარს არასდროს შეუწყვეტია თავისი გუნდის ქომაგობა. მას მერე, რაც იტალიის ნაკრების მწვრთნელი გავხდი, პირველად ვარ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ამდენი ჟურნალისტი ესწრება, ესეც მიუთითებს აქ სარაგბო ატმოსფეროზე და საოცარი გამარჯვებაა, როგორც ბათუმისთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ კი, დღეიდან უნდა გავაანალიზოთ და ვივარჯიშოთ იმ ფაზებზე, რაშიც გვიჭირდა და არ იმუშავა. “, - აღნიშნა ქროულიმ.

პრესკონფერენციაზე კომენტარი იტალიის ნაკრების კაპიტანმა მიკელე ლამარომაც გააკეთა:

„ყოველთვის რთულია ცხელ გულზე თამაშის ანალიზი. ვფიქრობ, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ, არა მარტო ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ მენტალურად. არის სიტუაციები, როცა ზოგჯერ გადაწყვეტილება უფრო ნათელი გონებით უნდა მიიღო. ბევრი სამუშაო გვაქვს და მე პირველი ვარ, ვინც პასუხისმგებლობას იღებს“, - თქვა ლამარომ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველი ეშელონის მეტოქე ისტორიაში პირველად დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები ზაფხულის სერიების ეგიდით ბოლოს მატჩს 16 ივლისს ქუთაისში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111147