რაგბი

23:58 | 9.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - იტალია | ბორჯღალოსნების წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნებმა კაპიტნის ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ პრესკონფერენცია გამართეს.

ლევან მაისაშვილი: „ლოგიკურია, რომ ჩვენგან ყველა ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშს ელოდება და ალბათ, იტალიას მარქაფაში ექვსი მორკინალი ამის გამო ყავს. გამართლდება თუ არა მათი ვარაუდი კვირას გამოჩნდება“.

„ამ კვირაში თამაშის მართვასა და საკუთარი ენერგიის რაციონალურად გამოყენებაზე ვიმუშავეთ. ნახეთ, რომ არგენტინასთან თითქოსდა მარტივი, მაგრამ კარგად დამუშავებული კომბინაციებით ორი ლელო გავიტანეთ და კიდევ ორი უნდა გაგვეტანა. ამის შემდეგ თავს უფლება მივეცით მოვშვებულიყავით და ისეთ არეალებში შევუტიეთ, სადაც თამაში უნდა გვემართა. მნიშვნელოვანი იქნება ბოლომდე მივყვეთ თამაშის გეგმას. ასევე ვიმუშავეთ პატარ-პატარა დეტალებზე, რაც საბოლოო ჯამში დიდ როლს თამაშობს“.

„ამ თამაშის მოგება ან წაგება ექვსი ერის გაფართოების ბედს არ წყვეტს. ხვალ თუ შევძელით და გავიმარჯვეთ, იქნება პრეცედენტი, რომ ტიერ1-ის გუნდი დავამარცხეთ. ეს იქნება ჩვენი განაცხადი, რომ შეგვიძლია უკეთესი ვითამაშოთ რაგბი და ტიერ1-თან მეტი შეხვედრის შესაძლებლობა გვინდა. ჩვენ გვინდა მათთან თამაში, იქნება ეს ექვს ერში თუ სადმე სხვაგან“.

„რის ხარჯზე შეიძლება მოვიგოთ? ჩემი თავისთვისაც არაერთხელ დამისვამს ეს კითხვა. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე უკეთ და მეტად შეგვიძლია ერთმანეთისთვის თამაში. რაგბი სწორედ ერთმანეთისთვის თამაშია. მხოლოდ დიდი გულით ვერ მოიგებ, მეტი გონიერება გვმართებს და ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, სწორედ ის მოიგებს“.

„დაძაბულები არა, მობილიზებულები ვართ. დარწმუნებული ვარ, დაძაბულობა პირველივე სასტვენის თანავე მოიხსნება. იტალიისგან სიურპრიზებს არ ველოდებით. ამ გუნდს ბოლო 1 წელიწადში ჩამოუყალიბდა თავდაჯერებულობა, რადგან დიდი ხანია ერთად მოდიან. სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება უელსთან. თუმცა, ეს არც ჩვენ გვაკლია, ასაკობრივ ნაკრებებში მათ წინააღმდეგ გვითამაშია და დაგვიმარცხებია კიდეც. ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული.

კოტე მიქაუტაძის არყოფნა დიდი დანაკლისია. მან ტრავმა უწყინარ სიტუაციაში, ვარჯიშზე მიიღო. ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ თამაშამდე მისი რეაბილიტაცია საფრთხის ქვეშ იყო და შემადგენლობაში ვერ დავაყენებდით“.

მერაბ შარიქაძე: „მზადების კუთხით, რაც შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა, მაქსიმუმი გავაკეთეთ. კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვართ, შევისწავლეთ მეტოქის თამაში და ვიმუშავეთ ჩვენს შეცდომებზე. იმედი გვაქვს ეს ყველაფერი ხვალინდელ თამაშზე აისახება. რაც შეეხება მოედანს, მინდვრის საფარი საუკეთესოა რაც საქართველოში მინახავს და ფანტასტიური ატმოსფეროა. სავსე ტრიბუნები კიდევ უფრო სასწაული იქნება“.

„ყველა მეკითხება და მეუბნება, რომ იტალიას უნდა მოვუგოთ. როდესაც იცი, რომ მთელი ერის სურვილი შენ უნდა აახდინო, მარტივი არ არის. ფსიქოლოგიური წნეხი გვაქვს. იმედია, ეს პასუხისმგებლობა ხვალ ხელს არ შეგვიშლის და პირიქით, სასურველი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117698