რაგბი

21:33 | 7.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლადო კილასონია: „ბიჭები გეგმას მიყვნენ და შედეგიც შესაბამისი დადგა“

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე მატჩში შოტლანდიას 8 ლელო გაუტანეს და სარეკორდო სხვაობით, 55:17 დაამარცხეს.

20-წლამდელთა დონეზე შოტლანდიას ზედიზედ მესამედ მოვუგეთ, თუმცა ასეთი სხვაობა არასდროს დაფიქსირებულა. 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს მე-9 ადგილისთვის 39:31 აჯობეს, 2019 წელს ჯგუფურ ეტაპზე 17:12, ახლა კი ახალგაზრდა „ნარშავები“ უშანსოდ დატოვეს.

საქართველო უპირობოდ დომინირებდა შერკინებაში, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. შოტლანდიელები მე-20 წუთისთვის 12:0 იგებდნენ, მერე კი ბორჯღალოსნებმა 8 ლელო გაიტანეს. რატი ზაზაძემ და ბექა შვანგირაძემ დუბლი შეასრულეს, ალექსანდრე ქუნთელიამ, შალვა აფციაურმა, პაატა გალდავამ და ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა კი თითოჯერ გამოიჩინეს თავი.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ლადო კილასონია შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

„ვიცოდით, რომ შოტლანდია აქცენტს სისწრაფეზე და გარე სივრცეების გამოყენებაზე გააკეთებდა. ჩვენი გეგმა იყო თამაში უფრო ფიზიკური და ფაზური ყოფილიყო. თამაში მეტოქის გეგმის მიხედვით დაიწყო და ორი ლელო მივიღეთ. ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის სასიამოვნო იყო, რომ ბიჭები პანიკაში არ ჩავარდნენ და ჩამორჩენის მიუხედავად თამაში სწორად წაიყვანეს, დასახულ გეგმას დაუბრუნდნენ და შედეგიც შესაბამისი დადგა“.

„საწყის წუთებში ტექნიკური წუნი გვქონდა და ბურთს ვერ ვაკონტროლებდით. ჩვენი მიზანი იყო, რომ შოტლანდიას ბურთი მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში, ისე ქონოდა, როგორც ჩვენ გვინდოდა“.

ექვსი ერის ზაფხულის სერიების ჯგუფურ ეტაპზე შოტლანდიამ უელსთან 30 (15:45), ხოლო იტალიასთან 20 (14:34) ქულა დათმო. საქართველომ მას ყველაზე დიდი სხვაობით, 38 ქულით მოუგო. გარდა ამისა, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა უკეთ ითამაშეს ჯგუფის მეტოქეებთან – იტალიასთან 19:36 და უელსთან 24:30.

„ამ ტურნირზე სამი განსხვავებული თამაში ჩავატარეთ, რაც მწვრთნელებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. იტალია კარგად დაგვიხვდა იმ ადგილებში, სადაც ძლიერები ვართ. ამ შემთხვევაში დავიწყეთ გახსნილი, ხელით თამაში, რაც კარგად გამოგვივიდა. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული თამაშებისთვის სტილის შეცვლა შეგვიძლია“.

„რაც შეეხება ფეხით თამაშს, შოტლანდიასთან ნაკლები დარტყმა განვახორციელეთ და ხარისხიც უკეთესი იყო. იმ ზონებში ვურტყამდით, სადაც გვსურდა და კარგად იმუშავა ახურვამ. კარგ ახურვას შეუძლია საშუალო დარტყმა კარგად აქციოს და კარგი დარტყმა ძალიან კარგად. პატარ-პატარა დეტალები გვქონდა გასამართი, რაზეც ვიმუშავეთ და ბიჭებმა დავალება კარგად შეასრულეს“ – ამბობს კილასონია.

12 ივლისს უმცროს ბორჯღალოსნებს ტურნირის დასკვნითი შეხვედრა ელით, რომელშიც ა ჯგუფის მესამეადგილოსან საფრანგეთს მე-5 (ტურნირში) ადგილისთვის ერკინებიან.

„საფრანგეთი სწრაფი გუნდია და ძალისმიერი თამაშიც შეუძლია. ის ყველაზე კარგად გვიცნობს, თუმცა ჩვენი ბიჭებისთვის მათ წინააღმდეგ თამაში ორმაგი მოტივაციაა. ვნახავთ მეტოქის შეხვედრებს, გვექნება ვიდეო-ანალიზი და ვეცდებით იდეალური გეგმა შევიმუშაოთ“.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.782812