რაგბი

21:32 | 6.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები | 8 ლელო და სარეკორდო გამარჯვება შოტლანდიასთან

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 20-წლამდელთა ექვსი ერის ზაფხულის სერიების მესამე მატჩში შოტლანდია რეკორდული სხვაობით, 55:17 დაამარცხა და ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულა.

თუ არ ჩავთვლით საწყის 20 წუთს, საქართველო სრულ უპირატესობას ფლობდა და ტაიმში 4-4 ლელო გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ უმცროსმა ბორჯღალოსნები ტურნირში ექვსი ერის ორი წევრი – შოტლანდია და ირლანდია გარანტირებულად ჩამოიტოვეს, 12 ივლისს კი საფრანგეთს მე-5 ადგილისთვის შეერკინებიან.

მატჩის დებიუტში თამაშში შესვლა გაგვიჭირდა. ხშირი იყო ტექნიკური წუნი, რის გამოც მეტოქეს ბურთი დავუთმეთ და შოტლანდიამ 15 წუთში ორი ლელო გაიტანა. მე-18 წუთზე პირველად ავკინძეთ ფაზები, მეტოქის 5-მეტრიანიდან მოლი ავაგორეთ და რატი ზაზაძემ ჩვენი პირველი შეტევა ლელოთი დაასრულა, პეტრე ხუციშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა. შოტლანდიელთა ნახევარზე მეორე გადასვლა მეორე ლელოთი დასრულდა. ამჯერად მოლმა დაახლოებით 15-18 მეტრი იარა და 5 ქულა ბექა შვანგირაძემ მიითვალა.

30-ე წუთზე საქართველო დაწინაურდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ამჯერად მეტოქის 5-მეტრიანთან მათი შერკინება მოიგეს, ამას ფორვარდების მიძალება მოყვა და ალექსანდრე ქუნთელიამ ლელო გაიტანა. 38-ე წუთზე ლელო ცენტრიდან დაწყებულ შეტევას მოყვა. მოლის შემდეგ დავით ხუროშვილმა კარგად შეუტია, იერიში მაღალ ტემპში გაგრძელდა და ყველა ჯერზე გადავლახეთ უპირატესობის ხაზი, 5-მეტრიანთან ხუროშვილმა გრძელი პასით ლაშა ციხისთავი მოძებნა, რომელმაც კარგი ოფლოუდით ლელოში შალვა აფციაური შეუშვა.

ხუციშვილმა ბოლო ორი ლელო გარდასახა. გაწითლებულ დროზე შოტლანდიამ სცადა 5-მეტრიანი დერეფნიდან ლელოს მოლით გატანა, მაგრამ თავი დავიცავით და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავედით – 26:12.

მეორე ტაიმში საქართველო კიდევ უფრო თავისუფლად ათამაშდა და უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდა. 53-ე წუთზე, ფაზების აკინძვის შემდეგ, შეტევა თითქოს აგვერია, მაგრამ ბექა შვანგირაძემ ორიგინალურად ითამაშა, ფეხით მოკლეზე გადაკიდებული თავად აიღო და ციხისთავს შეატევინა, რომლის ოფლოუდის შემდეგ ზაზაძემ დუბლი შეასრულა, ხუციშვილმა კი გარდასახა. 57-ე წუთზე ხუციშვილმა კარის წინ 30 მეტრიდან ჯარიმა უკვე კარში დაარტყა და მონაგარს კიდევ 3 ქულა შემატა.

64-ე წუთზე შოტლანდიელებმა შეძლეს ერთი საპასუხო ლელოს გატანა, თუმცა ქართველებმა იქვე უპასუხეს. ფეხით დაკიდებული ბურთი მოედნის ცენტრში, შოტლანდიელთა გარემოცვაში მყოფმა აფციაურმა მოხსნა და ლელოსკენ მაღალ სისწრაფეში დაიძრა, მას კარგად მიყვა ბექა შვანგირაძე, ოფლოუდი შეირგო და ლელომდე დარჩენილი 10 მეტრი დაფარა. 70-ე და 75-ე წუთებზე მეტოქე მოლში ორჯერ დავჯაბნეთ და მეშვიდე ლელო პაატა გალდავამ, ხოლო მერვე ნიკოლოზ ბაბუნაშვილმა მიითვალა. ხუციშვილმა ორი გარდასახა – 55:17.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას ასეთი სხვაობით არც უელსთან წაუგია და არც იტალიასთან.

20-წლამდე 6 ერის ზაფხულის სერიები. ბ ჯგუფი 6 ივლისი. ტრევიზო. მესამე რაუნდი შოტლანდია საქართველო 17:55 (12:26) საქართველო

ხაზი: 15. საბა ლიპარტელიანი, 14. შალვა აფციაური, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. გაგა ქევხიშვილი, 10. პეტრე ხუციშვილი, 9. დავით ხუროშვილი;

შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი, 2. გიორგი მაისურაძე, 3. ალექსანდრე ქუნთელია, 4. ალექსანდრე ბურდული (კაპ.), 5. გიორგი კერვალიშვილი, 6. ლაშა ციხისთავი, 7. რატი ზაზაძე, 8. ბექა შვანგირაძე;

მარქაფა: 16. ნიკა სუთიძე, 17. სერგი აბრამიშვილი, 18. ბადრი ციხისთავი, 19. პაატა გალდავა, 20. ბექა გელხვიძე; 21. კოტე იაშვილი, 22. გიორგი ჩიქოვანი, 23. ლუკა სახელაშვილი, 24. ნიკოლოზ ბაბუნაშვილი, 25. თორნიკე ბაიხოიძე, 26. ვიტალი ირემაძე.

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

მწვრთნელები: თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე

RUGBY.GE

0.114971