ჭიდაობა

22:52 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს შანსი 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე

იტალიის დედაქალაქ რომში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 20-წლამდელებს შორის. დღეს რომაულ ხალიჩაზე 5 ქართველი მოჭიდავე წარსდგა, რომელთაგან მედლისთვის ბრძოლას 3 აგრძელებს.

თორნიკე მიქელაძე (77 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და გადამწყვეტ ბრძოლაში მოლდოველ ალექსანდრინ გუტუს დაუპირისპირდება. მიქელაძე ტურნირში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ბელგიელი იბრაჰიმ ტაბაევი, ასევე გერმანელი დენის ნაკაევი დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეშაჟიდან შეეცდება რომეო ბერიძე (63 კგ), რომლის მეტოქეც რეპეშაჟის ნახევარფინალში ხორვატი დომაგოი ჩელიჩეკი იქნება. ხორვატის დამარცხების შემთხვევაში ქართველი უკრაინელ ოლეგ ხალილოვს შეხვდება. ბერიძემ სომეხი რუბენ მირანიანი 9:6 დაამარცხა და მეოთხედფინალში დამარცხდა პოლონელ არსლანბეკ სალიმოვთან.

რეპეშაჟის გავლით შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას მათე გოქაძეც (130 კგ), რომელიც ჯერ აზერბაიჯანელ ჰეიბულაჰ გისტაროვს, გამარჯვების შემთხვევაში პოლონელ დომინიკ ტომაშ კრავჩიკს შეხვდება. გოქაძემ პირველივე შეხვედრა დათმო უნგრელ ადოლფ ბაცსოსთან.

დღეს იასპარეზეს ლუკა ჯავახაძემ (55 კგ) და ბექა მელაშვილმაც (87). მელელაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა სომეხ ვიგენ ნაზარიანთან. ნაზარიანმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო, შესაბამისად ბექამაც ვერ შეძლო რეპეშაჟში გადართვა. ლუკა ჯავახაძემ იტალიელი ანდრეა მარტინო მარტივად დაამარცხა, მაგრამ გერმანელ გეორგიოს სკარპელოსთან დამარცხდა და ვინაიდან სკარპელო ფინალში ვერ გავიდა, ლუკასთვისაც წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

0.117084