კალათბურთი

17:40 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ევრობასკეტზე სუსტი მეტოქე არ არსებობს, ყველა თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

„ვიწყებთ უახლოესი მატჩებისთვის მზადებას. ძალიან გახარებულები ვართ, რომ ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და ყველანაირად მზად უნდა ვიყოთ, რომ მთელი საქართველოს წინაშე ბრძოლისუნარიანი გუნდით წარვდგეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ფედერაციას, რომელიც დიდი ხანია ზრუნავს კალათბურთის განვითარებაზე. მათ ყველაფერი გააკეთეს და ახლაც ჩვენს ნაკრებზე განსაკუთრებული მზრუნველობაა. ახალი დარბაზის აშენებისთვის დიდი მადლობა ფედერაციას და ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადება დავიწყეთ, რამდენიმე მოთამაშე სამწუხაროდ გვაკლია, რასაც თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ძალიან მალე სრული შემადგენლობით ვიქნებით. შემოგვიერთდება თედ მაკფადენი და თორნიკე შენგელიაც დღე-დღეზე აქ იქნება. მან სეზონი ცოტა ხნის წინ დაასრულა და სჭირდება დასვენება, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, 27-დან დაიწყებს ნაკრებთან ერთად ვარჯიშს. ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ, ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად მზად იყვნენ მომავალი მატჩებისთვის.

მზად ვართ, რომ ყველა მატჩისთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამხანაგური მატჩების შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, მზად ვარ, ყველა სპარინგი წავაგოთ, თუ ევრობასკეტზე მოვიგებთ. აკროპოლისის თასი იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეხვედრა, რომელიც იქნება მოსამზადებელი, უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის. მთავარი სწორედ ევრობასკეტი და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპია. აკროპოლისის თასის მოგება არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ ეს მატჩები მოსამზადებლად გამოვიყენოთ.

ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ცოტა დრო გვაქვს მოსამზადებლად და გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც წინა შეკრებაზე არ იყვნენ. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ახალი მოთამაშეები გუნდში ჩავრთო და ფუნქციონალური გავხადოთ. ბითაძე ახალგაზრდა კალათბურთელია, გვყავს სხვა ახალგაზრდა მოთამაშეები და ჩვენი მიზანია მათ გუნდთან ადაპტირებაში დავეხმაროთ.

ახალი რეგულაციები შემოვიდა NBA-ს მოთამაშეებზე, რითაც განისაზღვრება ეროვნულ ნაკრებში კონკრეტულად რამდენი დღე უნდა გაატარონ. გვინდა, რომ გოგა ბითაძე და NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ნაკრებში NBA-ს მოთამაშის გამოყენება 28 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, ამიტომაც, მაქსიმალურად სწორად უნდა გავანაწილოთ ეს დღეები.

მონტენეგროს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ევრობასკეტზე არ არსებობს სუსტი მეტოქე, პირობითაც ჯგუფში ესპანეთი და თურქეთი ფავორიტები არიან, მაგრამ სხვა გუნდები სუსტები არ არიან. ძალიან რთული მატჩები გველოდება ნებისმიერ მეტოქესთან და თუ ძლიერად არ ვითამაშებთ, წარმატებას ვერ მივაღწევთ.

ტურძელაძემ შეკრება თავისი ნებით დატოვა. ამერიკაში მოთამაშე ახალგაზრდა კალათბურთელები ნიჭიერები არიან, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ როცა სეზონის განმავლობაში ვატარებთ მატჩებს, მაგალითად ზამთარში, ისინი ვერ ჩამოდიან. მხოლოდ ზაფხულში არიან თავისუფალი, როცა ჩვენ ოფიციალური მატჩები გვაქვს და ამიტომ, ნაკრებს ფეხს ვერ უწყობენ. თუმცა, ძალიან პერსპექტიულები არიან და მათით კმაყოფილი ვარ. გიორგი ცინცაძემ უმძიმესი ტრავმა გადაიტანა, თუმცა ცდილობს, რომ ფორმაში ჩადგეს და ნაკრებს დაეხმაროს. ზუსტად არ ვიცით, როდის იქნება მზად, ექიმებისგან გვეცოდინება პასუხი, როდის შეძლებს გუნდის დახმარებას.

ფრენკამპმა სამწუხაროდ თავიდანვე ტრავმა მიიღო, არ მიეცა საშუალება, რომ ნაკრებთან ერთად ევარჯიშა და ეთამაშა. შემდეგ ევროლიგაშიც ვერ მოიკიდა ფეხი. ამ ხნის განმავლობაში დაგვიბრუნდა თედ მაკფადენი, რომელიც გუნდს ძალიან ეხმარება, მთელ გულს დებს საქართველოში ნაკრებში თამაშისას და როცა ჩვენთან არის, მაქსიმუმს აკეთებს. მან დაიმსახურა გუნდში ყოფნა და დღევანდელი გადასახედიდან ამ ორ მოთამაშეს შორის არჩევანს მაკფადენზე ვაკეთებთ.

7 წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და ძალიან ბევრი კალათბურთელი გამოვცადე. თუმცა, ამ შემთხვევაში ლუკა ბულაშვილი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს და არ იმსახურებს გუნდში ყოფნას. არაერთხელ იყო გამოძახებული, ამხანაგური მატჩებიც ითამაშა, მაგრამ დღეისთვის ნაკრებში ყოფნას არ იმსახურებს“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1 ივლისს უკრაინას რიგაში შეხვდება, ხოლო 4 ივლისს, თბილისში, ახალ დარბაზში პირველ მატჩს ჩაატარებს და ესპანეთს უმასპინძლებს. ამის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის ფარგლებში აკროპოლისის თასზე საბერძნეთის, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველო ბელგიას (1 სექტემბერი), ესპანეთს (3 სექტემბერი), თურქეთს (4 სექტემბერი), ბულგარეთსა (6 სექტემბერი) და მონტენეგროს (7 სექტემბერი) დაუპირისპირდება.

0.11607