კალათბურთი

17:17 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: "ესპანეთის ნაკრები ნერვიულობს, რომ სათამაშოდ თბილისში მოდის"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ეროვნული გუნდის ცენტრმა გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ესპანეთის ნაკრებთან გამარჯვების სჯერა.

„რამდენიმე დღეა ვვარჯიშობთ, მალე ყველა მოთამაშე შემოგვიერთდება და წინ ორი რთული მატჩი გველოდება. იმედი მაქვს, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელად იქნება. პირადად მე ნაკრებისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ და სანამ შემეძლება ასე იქნება. ესპანეთის ნაკრებში დიდი ცვლილება არ არის პირველ მატჩთან შედარებით, მაგრამ ამჯერად ჩვენ შენგელია და ბითაძეც გვეყოლება. დარწმუნებული ვარ, ესპანეთი ძალიან ნერვიულობს, რომ აქ მოდის სათამაშოდ. მჯერა, გულშემატკივარი ახალ დარბაზს შეავსებს და ჩვენც გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

მონტენეგრო ძალიან მაგარი გუნდია. მათ წინააღმდეგ ადრეც გვითამაშია. ესპანეთის ნაკრებში ჩემი რამდენიმე თანაგუნდელი თამაშობს, ფრან გერა, აგრეთვე სასტრე და შემიძლია გითხრათ, რომ ერთი სული აქვთ საქართველოში როდის ჩამოვლენ, რადგან ნამყოფი არ არიან და აინტერესებთ ქვეყანაც. მათ ვეხუმრე, რომ სასტუმროში ხაჭაპურიც ექნებათ. თუმცა, მოედანზე როცა გავალთ მეგობრობა დავიწყებული იქნება, ჩვენც მოსაგებად გავალთ და ისინიც“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1 ივლისს უკრაინას რიგაში შეხვდება, ხოლო 4 ივლისს, თბილისში, ახალ დარბაზში პირველ მატჩს ჩაატარებს და ესპანეთს უმასპინძლებს. ამის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდი ევრობასკეტისთვის მზადებას დაიწყებს, რომლის ფარგლებში აკროპოლისის თასზე საბერძნეთის, თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შეხვდება. ევროპის ჩემპიონატზე კი საქართველო ბელგიას (1 სექტემბერი), ესპანეთს (3 სექტემბერი), თურქეთს (4 სექტემბერი), ბულგარეთსა (6 სექტემბერი) და მონტენეგროს (7 სექტემბერი) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10428