ფეხბურთი

10:19 | 15.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ბულგარეთთან ფრე შესაძლოა ნახევარფინალის მასპინძლობის დაკარგვად დაუჯდეს
საბერძნეთი და თურქეთი უდანაკარგონი არიან

გუშინ, უეფას ერთა ლიგაზე მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. ეს ტურნირი, რომელსაც საქართველოს ნაკრების საყვარელ ტურნირიდაც კი მოვიხსენიებთ, რადგან ამ ტურნირზე ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატების ინდექსი საკმაოდ მაღალია, სექტემბრამდე დაგვემშვიდობა. გარდა იმისა, რომ თითოეულ დივიზიონში ჯგუფის გამარჯვებულები რანგით უფრო მაღალ დივიზიონში აღზევდებიან, ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის დამატებითი შანსია. დივიზიონში ჯგუფის გამარჯვებულები, თუ მათ ჩვეულებრივი შესარჩევიდან ვერ მოახერხეს ევროს საგზურის მოპოვება, დივიზიონის სხვა პირველ ადგილოსნებთან ერთად მინიტურნირს (ნახევარფინალი და ფინალი) ითამაშებენ და ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ.

ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს C დივიზიონში არსებული მდგომარეობა იწვევს, რადგან სწორედ აქ ასპარეზობს საქართველოს ეროვნული ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდს 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება 12:2-ზე და C4 ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს და ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად დარჩენილი 2 მატჩიდან (ჩრ.მაკედონია სახლი და გიბრალტარი გასვლა) 3 ქულაც ყოფნის. თუმცა, აქ ერთი საინტერესო საკითხია. ევრო 2024-ის პლეიოფს დივიზიონის პირველადგილოსნები ითამაშებენ, თუ შესარჩევიდან ვერ გავიდნენ, და ნახევარფინალური მატჩის მასპინძლობის უფლებას ის ქვეყანა მოიპოვებს, რომლის ნაკრებსაც უკეთესი მაჩვენებელი ექნება. C დივიზიონის თავიანთ ჯგუფებში საბერძნეთსა და თურქეთს 12-12 ქულა აქვთ და უდანაკარგონი არიან. თურქებს ბურთების შეფარდება 14:0-ზე აქვთ, ბერძნებს 7:0-ზე. მათი ჯგუფის სირთულიდან თუ ვიმსჯელებთ, ნაკლებად სავარაუდოა ამ ნაკრებებმა ჯგუფში ქულები დაკარგონ. მესამე ჯგუფს 10 ქულით ყაზახეთი ლიდერობს, მაგრამ მათ ბურთების სხვაობა მხოლოდ 6:2-ზე აქვთ და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები წინაა. ასე რომ, შესაძლოა საქართველოს ნაკრებს საკუთარ მოედანზე ბულგარეთთან ფრე ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის მასპინძლობის დაკარგვად დაუჯდეს.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრებს სექტემბერში გამართავს. ჩვენი ეროვნული ნაკრები 23 სექტემბერს "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს, 26-ში კი, გიბრალტარს ეწვევა.

ტატო ნიკურაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115028