ფეხბურთი

1:15 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის "ალმერია" და "ვალიადოლიდი" ლა ლიგაში დაბრუნდნენ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბოლო ტური ძალიან დრამატული გამოდგა, რომლის წინ არაფერი იყო გარკვეული. ბოლო ტურამდე „ეიბარი“ ლიდერობდა და ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა ლა ლიგაში აღზევების, მაგრამ უკვე გავარდნილ და ბოლოადგილოსან, შესაბამისად, უმოტივაციო „ალკორკონთან“ წააგო და მესამე ადგილზე დაქვეითდა, შედეგად, ლა ლიგაში ვერ გადავიდა. სამაგიეროდ, ლა ლიგის საგზური მოიპოვეს გიორგი მაკარიძის „ალმერიამ“ და „ვალიადოლიდმა“.

„ალმერია“ სტუმრად „ლეგანესთან“ ქულას გამორჩა (2:2), რაც საკმარისი იყო. მაკარიძის გუნდმა 81 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, აჯობა რა, ბურთების უკეთესი ბალანსით „ვალიადოლიდს“, რომელმაც „უესკა" დაამარცხა (3:0) და ლა ლიგაში მეორე ადგილით დაბრუნდა. თავის მხრივ, „ალმერია“ ლა ლიგას 2015 წლის შემდეგ დაუბრუნდა. ქართველ მეკარეს დღეს არ უთამაშია, თადარიგში იყო. ის გუნდის მეორე მეკარეა, სეზონში მხოლოდ ოთხი თამაში ჩაატარა, საიდანაც სამი ესპანეთის თასზე მოდის. გიორგის კლუბთან კონტრაქტი ზუსტად ერთ თვეში ეწურება. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ 2020-2021 წლების სეზონში მაკარიძე „ალმერიას“ მთავარი მეკარე იყო და ესპანურ კლუბს მაშინ ძალიან ცოტა დააკლდა ლა ლიგაში აღზევებამდე.

ამრიგად, „ალმერია“ და „ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში დაბრუნდნენ, ხოლო „ეიბარი“, რომელიც ბოლო ტურამდე ლიდერი იყო, მესამე ადგილზე და პლეი-ოფში გავიდა, სადაც ლა ლიგის მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა გაირკვევა - „ეიბარის“ გარდა, სანუკვარი საგზურისთვის „ლას პალმასი“, „ტენერიფე“ და „ჟირონა“ იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114303