ფეხბურთი

14:21 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ჩაკვეტაძეზე, კვარაცხელიაზე, მამარდაშვილზე, ერთა ლიგასა და ეროვნულ ნაკრებზე...

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა. ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა, უმეტესწილად ცალკეულ ფეხბურთელებზე.

სანიოლმა ტრავმირებული გიორგი ქვილითაიას ნაცვლად ნაკრებში ბექა მიქელთაძე გამოიძახა. მან ასევე გააკეთა კომენტარი გიორგი მიქაუტაძეზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე, გიორგი მამარდაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე.

„შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილებაა - გიორგი ქვილითაიამ გუშინ ტრავმა მიიღო და მას ბექა მიქელთაძე შეცვლის. ჩაკვეტაძე? მას რთული პერიოდი ჰქონდა, ტრავმები აწუხებდა. „ჰამბურგში“ თამაშობდა, მაგრამ ბოლო კვირებში მოედანზე არ გამოჩენილა. იმიტომ გამოვიძახე, რომ ახლა მას მხარში დგომა სჭირდება. გერმანიაში ვიყავი და მასთან ვისაუბრე. იცის, რომ შეიძლება არ ითამაშოს, მას ახლა ძველი ფორმის დასაბრუნებლად შრომა სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ მისგან პროფესიონალურ მიდგომას დავინახავ. ვიმეორებ, შეიძლება არ ითამაშოს, მაგრამ ჩვენთან ერთად იქნება.

დავით ვოლკოვმა ნოემბრის მატჩებში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, უზბეკეთთან გოლიც გაიტანა, თუმცა, ალბანეთთან პრობლემები ჰქონდა, თითქოს მოედანზე თავისი პოზიცია ვერ იპოვა. ბოლო დროს შედეგიანად ვერ თამაშობს, იმედი მაქვს, რომ მალე დაიბრუნებს ძველ ფორმას.

გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი რომ აქვთ, მესმის და ეს ძალიან კარგია. გიბრალტარი ფურცელზე ჩვენი ჯგუფის აუტსაიდერია, ბულგარეთს ცუდი გუნდი არ ჰყავს, მიუხედავად თაობათა ცვლის პროცესისა, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ყველაზე ძლიერ მეტოქედ მიმაჩნია, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და იტალიაც დაამარცხა. თუმცა, ჩვენმა გუნდმაც სტაბილურობა შეიძინა. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივართა მოლოდინს გავამართლებთ.

კიტეიშვილის დაბრუნება ძალიან მახარებს, ვფიქრობ, ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. ბოლო დროს ტრავმები ჰქონდა და ნათელია, რომ საუკეთესო ფორმაში არ იქნება, მაგრამ მისი იმედი მაქვს. რომელ პოზიციაზე ითამაშებს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს. მიქაუტაძე მარტში არ გამოვიძახე, რადგან მისი თამაშით უკმაყოფილო ვიყავი. გიორგის მეტი შეუძლია, ვიდრე აქამდე ვხედავდით და მან კარგად იცის, მისგან რას ვითხოვთ. ის ცოტათი ჩაკვეტაძეს ჰგავს, მეტი შეუძლია, მაგრამ ბოლომდე არ იხარჯებოდა. ახლა იცის, რა უნდა გააკეთოს და ნაკრებისთვის ბევრის მიცემა შეუძლია.

ალთუნაშვილი? ბევრ მოთამაშეს ვაკვირდებით, მაგალითად ალთუნაშვილსაც. თუმცა, ნაკრებში ყველას გამოძახება შეუძლებელია, ბალანსი უნდა დავიცვათ, მის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, ყველას გამოძახება არ შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და თუ უცხოეთში, საუკეთესო შემადგენლობას ვარჩევ.

ჩრდილოეთ მაკედონია როგორც ვთქვი, ჯგუფის ფავორიტად მიმაჩნია, მაგრამ ფურცელზე არსებული სტატუსის შეცვლა შეიძლება. გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლებმაც იმ ფინალში ითამაშეს, მაგრამ ახლა სხვა მატჩია, სხვა მნიშვნელობა აქვს. თუმცა, კარგი იქნება, თუ ფეხბურთელები ამ შეხვედრას რევანშად აღიქვამენ და მოტივაციად გამოიყენებენ.

ოთარ კაკაბაძის „შტუტგარტში“ შესაძლო ტრანსფერი? ბუნდესლიგა ძალიან მაღალი დონის ტურნირია და იქ თუ გადავა კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარია, სადაც უნდა იყოს, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. მამარდაშვილი „ვალენსიაშია“, კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადავა, კაკაბაძეც თუ ტოპლიგაში ითამაშებს, ეს ნაკრებსაც დაეხმარება.

ძალიან გამიმართლა, რადგან გუნდში სამი მაღალი დონის მეკარე მყავს, ლორია ყველაზე გამოცდილია, მას ჩემი ნაკრებში ყოფნის პერიოდში შეცდომა არ დაუშვია და ჩემს იმედებს ყოველთვის ამართლებდა. მამარდაშვილმა ბოლო დროს დიდი პროგრესი განიცადა, ალბანეთში განსხვავებული მეკარე იყო, ვიდრე ბულგარეთთან. ვინ ითამაშებს მომდევნო ოთხ მატჩში ეს გადაწყვეტილი არ მაქვს, მიხარია, რომ ჩემს განკარგულებაში სამი ძალიან კარგი მეკარეა.

ხვიჩა კვარაცხელიასთან ბოსნიაში ვისაუბრე, ვფიქრობ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია, ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ „ნაპოლის“ ლიდერი გახდეს. ცხადია, ამისთვის ბევრი შრომა დასჭირდება, მაგრამ ასეთ კლუბში გადასვლა მისთვის მოტივაციაც იქნება. არმგონია, რომ ის ფსიქოლოგიურად თავს ცუდად გრძნობდეს. არ ვფიქრობ, რომ მას პრობლემები აქვს, ძლიერი ბიჭია და საკუთარ შესაძლებლობებს „ნაპოლიშიც“ წარმოაჩენს. რა თქმა უნდა, ყველა მატჩში შეიძლება 90 წუთი ვერ ითამაშოს, მაგრამ ნაკრებში მისგან ბევრს ველოდებით.

ქვილითაიას გამოძახება რისკი იყო, რადგან ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ის დამთანხმდა და ეს იმ სიყვარულზე მეტყველებს, რომელიც ნაკრების მიმართ აქვს და მისი მადლობელი ვარ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდი, რომელსაც 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია, 24 მაისს, თბილისში შეიკრიბება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119229