ფეხბურთი

1:01 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ზეიმი "გუდისონ პარკზე": "ევერტონმა" პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

ლივერპულის „ევერტონმა“ ინგლისის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ფრენკ ლამპარდის გუნდმა მიზანს 37-ე ტურში მიაღწია, მას შემდეგ, რაც „კრისტალ პალასი“ 3:2 დაამარცხა.

არადა, მერსისაიდელები პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს აგებდნენ და თითქოს უიმედო ვითარებაში იყვნენ, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა. ჯერ მაიკლ კინმა და რიშარლისონმა ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 85-ე წუთზე დომინიკ კალვერტ-ლიუნმა გამარჯვების და პრემიერლიგაში დამრჩენი გოლი გაიტანა.

„ევერტონს“ ბოლო ტურის წინ 39 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაქვეითდება, ამიტომაც გასაკვირი არაა, „გუდისონ პარკზე“ დიდი ზეიმი იყო. პრემიერლიგიდან „უოტფორდი“ და „ნორვიჩი“ უკვე გავარდნენ, მესამე უიღბლო გუნდი ბოლო ტურში გაირკვევა - „ბარნლისა“ და „ლიდსის“ 35-35 ქულა აქვთ. „ბარნლი“, რომელსაც ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს, „ნიუკასლს“ უმასპინძლებს, ხოლო „ლიდსი“ „ბრენტფორდს“ ესტუმრება.

0.127265