კალათბურთი

22:08 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპმა თსუ-ს სძლია და ნახევარფინალური სერიაში დაწინაურდა

საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერია გაიხსნა. თსუ-სა და “ოლიმპის” წყვილის სერიის პირველ მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გამარჯვება დავით როგავასა და დავით არწივიძის გაწვრთნილ ოლიმპელებს დარჩათ, რომლებმაც ბოლო პერიოდში იდეალური კალათბურთი ითამაშეს და დამსახურებულად – 86:75 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს.

ნათქვამია, რომელი გუნდიც მე-3 პერიოდს იგებს, გამარჯვებაც იმას რჩებაო. ამან დღევანდელ მატჩში არ გაამართლა. უნივერსიტეტელებმა მე-3 ათწუთეული 28:16 მოიგეს და 10-ქულიანი ჩამორჩენა 7-ქულიან ლიდერობად აქციეს, თუმცა ბოლო პერიოდში “ოლიმპმა” სადავეები დაიბრუნა და გამარჯვებამდე მივიდა. ბოლო პერიოდის წინ თსუ 64:57 იგებდა და გამარჯვებამდე ბევრი არ აკლდა, თუმცა დავით როგავას გუნდმა დაცვაში თამაში გამოასწორა, ხოლო შეტევაში მრავალფეროვანი არსენალით ხეირობდა.

გარდამტეხ ეპიზოდში ოლიმპმა გუნდურად ითამაშა, თუმცა გამოსარჩევია ილია ლონდარიძის შედეგიანობა, რომელსაც უკანა ხაზიდან მხარს გივი ბაქრაძე და კახა ჯინჭარაძე უმაგრებდნენ. ოლიმპელებმა ჩამორჩენა მალევე გააბათილეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. დაცვაში იმდენად აკურატულები იყვნენ, რომ ოლიმპელებმა ბოლო პერიოდში პირველი ჯარიმა დასრულებამდე 2 წუთით ადრე მიიღეს. თსუ-ს ვერ უშველა ლოველ ქაბილმა, რომელსაც მხარი ვერ აუბეს როგორც ლეგიონერებმა, ისე ადგილობრივმა თანაგუნდელებმა და შეხვედრა ისე ჩამთავრდა, თსუ-ს შანსი არ მისცემია.

გამარჯვებულებს 33 ქულით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელმაც 14 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა და სარგებლიანობის ინდექსის 40 ერთეულით გამორჩეული შედეგი დააფიქსირა. 16 ქულა მიითვალა ილია ლონდარიძემ, გივი ბაქრაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. თსუ-ში 20 ქულით, 10 პასით და 4 ჩაჭრით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მიხეილ ბერიშვილმა შეხვედრა 19 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა 13 მაისს, 18:00 საათზე გაიმართება. ხვალვე აიღებს სტარტს მეორე ნახევარფინალური სერია “ქუთაისსა” და “ბათუმს” შორის.

GBF.GE

0.163494