ავტოსპორტი

1:56 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი მაიამის პირველი დიდი პრიზის პოულზეა

მაიამის დიდი პრიზის რბოლას, რომელიც კვირას პირველად გაიმართება, „ფერარის“ პილოტები პირველი რიგიდან დაიწყებენ. საკვალიფიკაციო რბოლა შარლ ლეკლერმა მოიგო, მასთან 0.190-წამიან ჩამორჩენით, მეორე კარლოს საინსი იყო. ამჯერად მესამე შედეგს დასჯერდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი, ვინც ლეკლერს 0.195 წამით ჩამორჩა.

ლეკლერისთვის ერს მიმდინარე სეზონის პირველ ხუთ ეტაპზე, უკვე მესამე, კარიერაში კი მე-12 პოულია. „ფერარიმ“ კი სასტარტო რიგში პირველი ორი პოზიცია, მექსიკის 2019 წლის რბოლის შემდეგ, პირველად დაიკავა.

კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველი ცდების შემდეგ, ფერსტაპენი ყველაზე სწრაფი იყო და პოულის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდის შესრულებისას, შეცდომა დაუშვა და ეს შანსი ვერ გამოიყენა. სტარტზე მის გვერდით მექსიკელი თანაგუნდელი სერხიო პერესი დადგება.

„წინა რბოლა ჩემთვის წარუმატებელი იყო - რბოლისას შეცდომა დავუშვი. ამჯერად ყველაფერი ჯერჯერობით კარგადაა. ჩვენ პოულზე ვართ და ეს საქმე ხვალ უნდა დავამთავროთ. ისინი (რედ ბული) ძალიან სწრაფები არიან სწორ მონკვეთებზე, ჩვენ კი - მოსახვევებში. რთული ბრძოლა გვექნება“, - განაცხადა 24 წლის მონაკოელმა.

დანარჩენებში ყველაზე სწრაფი ვალტერი ბოტასი (ალფა რომეო) იყო, რომელმაც უკან მოიტოვა ყოფილი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი. „მერსედესმა“ რამდენიმე სიახლე გამოიყენა, რომელთა წყალობითაც, ხტუნვის ეფექტი (პორპოსინგი) ისეთი ძლიერი არაა, როგორიც წინა რბოლებში იყო. თუმცა გუნდი აღიარებს, რომ პრობლემის სრულად გამოსწორება ასე სწრაფად შეუძლებელი იქნება.

კვალიფიკაციაი მონაწილეობა ვერ მიიღო ესტებან ოკონმა, ვისაც მესამე პრაქტიკის დროს, ავარიაში მანქანა დაუზიანდა და „ალპინმა“ კვალიფიკაციისთვის მისი მომზადება ვერ მოასწრო.

მაიამის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'28.796 (219.415 კმ/სთ)
  2. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.190
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.195
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.240
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 0.679
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.829
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.894
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.954
  9. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.136
  10. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.880
  11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.364
  12. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.377
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.418
  14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.514
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.627
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 2.179
  17. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 2.224
  18. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.470
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.529
  20. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) -
0.125282