ფეხბურთი

2:00 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" წაგებას გადაურჩა, ახლა ყველაფერი "მილანის" ხელშია

იტალიის სერია A-ს XXIX ტურში მოქმედი ჩემპიონი მილანის „ინტერი“ „ტორინოს“ ესტუმრა და შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, რადგან „მილანთან“ პოტენციურ უპირატესობას ხელიდან გაუშვებდა.

თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდი ბოლო დროს ცუდ ფორმაშია, რაც ტურინულმა მატჩმა დაადასტურა - „ნერაძური“ წაგებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე გადაურჩა. „ტორინომ“ თამაში აგრესიულად დაიწყო და მე-12 წუთზევე ბრემერის გოლით დაწინაურდა. ამის შემდეგ ორივე გუნდს არაერთი რეალური მომენტი შეექმნა, პირველ ტაიმში კი ტურინელთა სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. მიუხედავად ამისა, „ტორინოს“ საქმე გამარჯვებამდე მიჰყავდა, თუმცა, 93-ე წუთზე ალექსის სანჩესმა ახლო მანძილიდან გაიტანა და თავისი გუნდი გადაარჩინა. და მაინც, „ინტერი“ ახლა „მილანს“ 4 ქულით ჩამორჩება და „ბოლონიასთან“ გამოტოვებული მატჩიც რომ მოიგოს, სატურნირო ცხრილში მაინც უკან იქნება. მანამდე კი, სულაც მესამე ადგილზეა, რადგან „ნაპოლისაც“ ჩამორჩება. ასე რომ, ახლა სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველაფერი "მილანზეა" დამოკიდებული და მის ხელთაა.

ლუჩანო სპალეტის გუნდმა „მილანთან“ მტკივნეული მარცხის მერე მოახერხა მობილიზება და სტუმრად „ვერონასთან“ რთულ თამაშში შინ 3 ქულით დაბრუნდა. მატჩის გმირი ვიქტორ ოსიმენი გამოდგა. ნიგერიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ყველაფერი გადაწყვიტა.

მორიგი ქულები დაკარგა ბერგამოს „ატალანტამ“, რომელმაც შინ „ჯენოას“ ვერაფერი დააკლო - 0:0. ამრიგად, „ატალანტა“ „იუვენტუსს“ უკვე 8 ქულით ჩამორჩა და თამაშით ნაკლები კი აქვს ჩატარებული, მაგრამ პოტენციურად 5 ქულაც საკმაო სხვაობაა. სხვათა შორის, „ჯენოას“ საოცარი სტატისტიკა აქვს ალექსანდერ ბლესინის ხელმძღვანელობით. გერმანელმა სპეციალისტმა იანვარში ანდრეი შევჩენკო შეცვალა და მას შემდეგ 7 ტური გავიდა და შედეგებს არ იკითხავთ? 7 მატჩი, 7 ფრე! „ჯენოამ“ ბლესინის ხელმძღვანელობით მხოლოდ 2 გოლი გაუშვა ხსენებულ მატჩებში, მაგრამ თავადაც ორი გაიტანა და ხუთჯერ 0:0 ითამაშა... არწაგება კარგია, მაგრამ გენუელთა საქმეს ფრეები არ შველის, რადგან 29 ტურში ერთადერთი მოგება აქვს და სერია B-სთან უკვე ძალიან ახლოსაა.

და ბოლოს, „რომა“, რომელიც „უდინეზესთან“ მარცხს სასწაულებრივ გადაურჩა. ჟოზე მოურინიოს გუნდი უდინეში ძალიან დაიჩაგრა და მასპინძლებს საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, აუცილებლად მოიგებდნენ. საპასუხოდ კი, 94-ე წუთზე პენალტი აიკიდეს, რომელიც ლორენცო პელეგრინიმ გაიტანა და „მგლებს“ ქულა გადაურჩინა, რაც დიდი შვება არ არის, რადგან მეოთხეადგილოსან „იუვენტუსთან“ სხვაობა უკვე 8 ქულაა. საერთოდ, სერია A-ში ოთხეული აშკარად გამოიკვეთა და სასწაული თუ არა მოხდა, იქ სხვა გუნდი შეღწევას ვეღარც მოახერხებს.

„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ტორეირა (70)

„ვერონა“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (71), 1:2 ფარაონი (77)

„უდინეზე“ – „რომა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 მოლინა (15), 1:1 პელეგრინი (90, პენ)

„ატალანტა“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„ტორინო“ – „ინტერი“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბრემერი (12), 1:1 სანჩესი (90)

0.107565