რაგბი

12:42 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

250-ე ტესტ-მატჩი სამმაგი დატვირთვით

27 თებერვალს, ბორჯღალოსნები 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში თავის 250-ე ტესტ-მატჩს გამართავენ. წესით ეს ღირშესანიშნავი, სიმბოლური ფაქტი 2021 წელს უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიამ ბოლო ორი წელიწადია მსოფლიო რაგბის კალენდარი თავდაყირა დააყენა, გადაიდო ბორჯღალოსნების რამდენიმე თამაშიც და შედეგად, 250-ე მატჩში პრინციპულ მეტოქე რუსეთს, „დინამო არენაზე“ ვმასპინძლობთ.

სამშობლოში თამაში, თანაც იმის ფონზე, რომ „დინამო არენაზე“ მაყურებელთა 50% დაიშვება, ქომაგთა ნაწილს აძლევს შესაძლებლობას, მივიდნენ სტადიონზე, სრულად გაიზიარონ ის მუხტი და ენერგია, რაც თამაშიდან მომდინარეობს და უგულშემატკივრონ ბორჯღალოსნებს.

სამწუხაროდ, კოვიდ-რეგულაციების გამო ტრიბუნები პირთამდე ვერ შეივსება, მაგრამ რაგბის კავშირისთვის და ბორჯღალოსნებისთვის თითოეული გულშემატკივრის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ამ თამაშს განსაკუთრებულობას სძენს. ისე მოხდა, რომ 250-ე ტესტის, თანაც რუსეთთან, მოგების შემთხვევაში, საქართველო ოფიციალურად იზეიმებს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლას. ევროპის შესარჩევი ზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, ბორჯღალოსნები 31 ქულით ლიდერობენ და 9 ქულით უსწრებენ რუმინეთს, 10-ით კი ესპანეთს. 27 თებერვალს ესპანეთი რუმინეთს მასპინძლობს, ერთ-ერთი მათგანი ქულებს აუცილებლად დაკარგავს და რუსეთის დამარცხებით ბორჯღალოსნები საფრანგეთის საგზურს გაინაღდებენ.

„250-ე ტესტ-მატჩს ვატარებთ და ასეთი სიმბოლური დღეები ყოველთვის დამატებით მუხტს სძენს ნებისმიერ მოვლენას. გასათვალისწინებელია, რომ ეს თამაში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით იმართება და გამარჯვების შემთხვევაში გარანტირებული გვექნება საფრანგეთის საგზური, რაც დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ დღეს ვეთამაშებით რუსეთს, რომელთანაც ყოველთვის პრინციპული დაპირისპირება გვაქვს“.

„კარგია 250-ე თამაშის ჩატარება სამშობლოში რომ გვიწევს, რადგან გულშემატკივარსაც ექნება შანსი, ჩვენთან ერთად იზეიმოს საიუბილეო ტესტის გამართვა. გულშემატკივარს მოენატრა რაგბის მოედანზე ხილვა და ემოციის, მუხტის გაზიარება, რომელიც თამაშიდან მოდის, მით უმეტეს რუსეთის ნაკრებთან. მნიშვნელოვანია, რომ დაშვებულობის ფარგლებში, ისინი მოვიდნენ სტადიონზე და მხარში დაუდგნენ ჩვენს გუნდს“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ბაჩო ხურციძემ.

ბორჯღალოსნების 250-ე ტესტ-მატჩს „დინამო არენაზე“ დაესწრებიან რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მარტი და მსოფლიო რაგბის რეგიონალური პარტნიორობის მენეჯერი ევროპაში სტეფ ნელი, რომლებთანაც რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით საქმიან შეხვედრებს გამართავს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1152