რაგბი

14:26 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შავი ლომი - ‘ენისეისთან’ სოჭში, 6 მარტს

‘შავი ლომი’ 2021/22 წლების რაგბი ევროპის სუპერ თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადადებულ შეხვედრას 6 მარტს, სოჭში გამართავს.

ქართველთა მეტოქე რუსეთის ბოლო 5 წლის უცვლელი ჩემპიონი კრასნოიარსკის ‘ენისეი’ იქნება და თამაში „სლავა მეტრეველის სტადიონზე“ საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.

მატჩი სოჭში 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ-პანდემიის გამო, რუსეთმა მაშინ საზღვრები ჩაკეტა და ‘შავი ლომი’ დანიშნულების ადგილზე ვერ ჩავიდა.

5-5 თამაშის შემდეგ, სუპერ თასის ნახევარფინალში ორივე გუნდი გასულია, თუმცა ჯერ არ გადაწყვეტილა ვინ დაიკავებს აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილს და შესაბამისად, ვინ ისარგებლებს ერთ-რაუნდიან ნახევარფინალში მასპინძლის სტატუსით.

‘შავმა ლომმა’ რუსეთის ჩემპიონი ავჭალაში 27-20 დაამარცხა, ჯამში 20 საცხრილო ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ‘ენისეი’ მას 4 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რაგბი ევროპის სუპერ თასის აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ადგილოსანი ესპანურ ‘იბერიანზს’ უმასპინძლებს, მეორეადგილოსანი კი ‘ლუზიტანუშს’ პორტუგალიაში ეწვევა.

ნახევარფინალური შეხვედრები 16 აპრილსაა ჩანიშნული, ფინალი კი 8 მაისს გაიმართება.

rugby.ge

0.112384