ფეხბურთი

21:54 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირანის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა, სამხრეთ კორეა მიზანთან ახლოსაა

ირანის ნაკრები პირველი აზიური გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ცხადია, ყატარის ნაკრების შემდეგ, რომელიც მასპინძელია და საკვალიფიკაციო ტურნირში არ მონაწილეობდა.

ირანმა A ჯგუფის მეშვიდე ტურში ერაყი შინ მეჰდი ტარემის ერთადერთი გოლით დაამარცხა, 19 ქულა დააგროვა და შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა მუნდიალის საგზური.

იგივე მიზანთან ახლოსაა სამხრეთ კორეის ნაკრები, რომელიც 17 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, რომელიც მესამე საფეხურზეა 8 ქულით უსწრებს. კორეელებმა დღეს ლიბანი სტუმრად 1:0 დაამარცხეს.

B ჯგუფში უფრო დაძაბული ვითარებაა. საუდის არაბეთი 16 ქულით ლიდერია, მაგრამ 6 მატჩი აქვს ჩატარებული, მას კვალში იაპონია და ავსტრალია შესაბამისად, 15 და 14 ქულით უდგანან, მაგრამ ორივეს 7-7 თამაში აქვთ გამართული. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამ ორი ჯგუფიდან საუკეთესო ორ-ორი გუნდი მოიპოვებს, მესამეადგილოსნები კი ერთმანეთს პლეი-ოფში შეხვდებიან და გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ირანისა და მასპინძელი ყატარის გარდა უკვე მოპოვებული აქვთ ბრაზილიას, არგენტინას, დანიას, სერბეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ნიდერლანდებს, საფრანგეთს, ბელგიას, ხორვატიას, ინგლისსა და ესპანეთს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113234