ფეხბურთი

16:10 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე: "მეტი გოლის გატანა შემეძლო, მაგრამ მეკარემ, ძელმა და მსაჯმა ხელი შემიშალეს"

ბელგიურმა „სერენმა“ იუპილერ ლიგაში 7-მატჩიანი წაგებების სერია „ბეერსხოტთან“ გამარჯვებით (2:1) შეწყვიტა, გიორგი მიქაუტაძემ კი ორთვიანი უგოლო სერიაც დაასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ დიდებულად ითამაშა. მას კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა, განსაკუთრებით ორ ეპიზოდში, როცა ძალიან ლამაზად და ეფექტურად ითამაშა. პირველად ბურთი ძელს მოხვდა და იუსეფ მაზიზმა დაამატა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, ხოლო შემდეგ ორი მცველი მოატყუა და მეკარემ საოცარი გოლის გატანაში ხელი შეუშალა.

მატჩის შემდეგ გიორგიმ ბელგიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა: „ბომბარდირისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია, დიდი ხანი არ მქონდა გატანილი და ეს გრძნობა დამავიწყდა, მაგრამ ახლა დავიბრუნე. პენალტის დროს დავინახე, რომ მეკარემ მოძრაობა დაიწყო და ამიტომ, შუაში დავარტყი. უგოლოდ დიდი დრო ვიყავი, მაგრამ ჩემს თავში ეჭვი არ შემიტანია, ყოველთვის მჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, ვარჯიშებზე გოლებს რეგულარულად ვიტან. კიდევ შემეძლო გატანა, მაგრამ ძელმა, მეკარემ და თამაშგარემ ხელი შემიშალეს. ერთი რამ ცხადია: ეს გამარჯვება კარგს მოგვიტანს. კარგად ვითამაშეთ, გუნდურადაც და ინდივიდუალურადაც. გასახდელში არაჩვეულებრივი ატმოსფერო იყო, დიდი ხნაია ფეხბურთელები ასე ბედნიერი არ მინახავს. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ პირველად მოვიგეთ და ეს ძალიან გვიხარაბს, რადგან ბევრს ვმუშაობდით და შედეგი გამოიღო“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

21 წლის ფეხბურთელმა ბელგიის ჩემპიონატში 27 ნოემბრის, ხოლო ზოგადად 30 ნოემბრის შემდეგ პირველად შეძლო თავის გამოჩენა. მას იუპილერ ლიგაში ჩატარებულ 18 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი, სეზონში კი 21 შეხვედრაში 12 გოლია მის ანგარიშზე.

„სერენმა“ ამ გამარჯვებით 22 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 იანვარს, „ეუპენს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117086