კალათბურთი

12:08 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: "ასეთი მარცხის დავიწყება რთულია, მაგრამ პოზიტიური განწყობა უნდა შევინარჩუნოთ"

„ინდიანა პეისერსმა“ საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსთან“ ლიდერების გარეშე ითამაშა და 126:158 დამარცხდა. ინდიანაპოლისელებმა ისტორიაში პირველად მიიღეს 158 ქულა და დაცვაში კატასტროფულად ითამაშეს.

მატჩის შემდეგ გოგამ ბითაძემ, რომელმაც 18 წუთში 17 ქულა ჩააგდო, კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი მარცხის დავიწყება რთულია, მაგრამ მაინც პოზიტიურად უნდა განეწყონ, რომ მომდევნო მატჩებისთვის მოემზადონ.

„უბრალოდ პოზიტიურები უნდა ვიყოთ, სეზონი გრძელია და მსგავსი რამ გუნდების უმეტესობას ემართებათ, დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი ასეთი მატჩი იყო, არ გამოგვდიოდა თამაში და მეტოქეს პირიქით. ასეთი რამ ხდება, არ უნდა გავჩერდეთ და უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ.

ერთმანეთთან უნდა ვილაპარაკოთ, პირველ რიგში მაღლები უნდა გამოვირჩეოდეთ, რადგან თამაშს უკეთესად ვხედავთ, უფრო აგრესიული თამაშია საჭირო, როგორც ამას დასავლეთ სანაპიროზე საგარეო ტურნეს დროს ვაკეთებდით. რთულია ასეთი მატჩის დავიწყება, მაგრამ ეს მომდევნო თამაშებისთვის მოტივაციად უნდა გამოვიყენოთ. ნეგატიურად არ უნდა განვეწყოთ, რომ შემდეგ თამაშებში ხელი არ შეგვიშალოს", - თქვა ბითაძემ.

შეგახსენებთ, რომ გოგა ბითაძემ "ინდიანას" სასტარტო ხუთეულში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა და NBA-ს კარიერის პირადი რეკორდი გაიმეორა - 17 ქულა მას მანამდე 18 იანვარს, "კლიპერსთან" მატჩში ჰქონდა ჩაგდებული.

„ინდიანა პეისერსი“ 17 მოგებით და 32 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 იანვარს, „ოკლაჰომა სიტისთან“ სტუმრად გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125165