ფეხბურთი

0:12 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზვიად კუპატაძე: "ჩვენზე მაგარი გუნდი აქ არ არის, ორმა თამაშმა სწორედ ეს აჩვენა"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ ბოსნიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გამოცდილმა ქართველმა მეკარემ თქვა, საქართველოს არავის ეშინია და ორმა გამარჯვებამ თავდაჯერება კიდევ უფრო გაზარდა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოსნია ვიზუალურად ლამაზ ფეხბურთს არ თამაშობს, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და შედეგზე დიდ აქცენტს აკეთებენ. სიურპრიზი არაფერი იყო, რასაც მატჩამდე ვამბობდით და ველოდით, ზუსტად ისე ითამაშეს, მხოლოდ ისაა, რომ მე პირადად ასე ძლიერი გუნდი არ მეგონა. ბოსნიის მეკარეს ალბათ ჩემი ეშინოდა, რადგან სარაევოში ორი გოლი გავუტანე, ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ხშირად შეტევებში ერთვებოდა და არსებობს, რომ ამაზე არ ეფიქრა, ამიტომაც, კარში დარტყმას ნაკლებად ცდილობდა.

ჩვენ მებრძოლი გუნდი გვყავს, პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძვით და გულშემატკივარმა სწორედ ამიტომ შეგვიყვარა. ბრაზილიელები გვყავს, მაგრამ ლიდერები ქართველები ვართ და ისინი მოგვყვებიან. ბოლომდე ვიბრძოლებთ, არავის გვეშინია, მითუმეტეს ამ ორი მოგების შემდეგ.

ესპანურ ფუტსალს ვიცნობ, იქ ჩემპიონთა ლიგა მაქვს მოგებული, „ბარსელონასთან“ მითამაშია და ესპანეთის ნაკრებსაც შევხვდით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, როცა 3:2 ბოლო წუთებზე ძლივს მოგვიგეს. მოედანზე წასაგებად არ გავდივართ, ყველა თამაშში მოსაგებად გავდივართ, ჩვენზე მაგარი გუნდი ამ ტურნირზე არ მეგულება, დანარჩენი მოედანზე უნდა გამოჩნდეს, მაგრამ ამ ორმა თამაშმა აჩვენა, რომ მაგრები ვართ და ვიგებთ კიდეც, ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯერ აზერბაიჯანს 3:2 მოუგო, მეორე ტურში ბოსნიას 2:1 და ორივე მატჩში ქართველები მარცხდებოდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის მატჩს კი 29 იანვარს, ესპანეთთან გამართავს, რომელშიც ფრე საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანს, მარცხის შემთხვევაში კი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა.

0.11321