ფეხბურთი

19:29 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ბალოტელის გამოძახება არ ნიშნავს, რომ დეპრესიაში ვართ, მარიო ფულს დამპირდა"

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩენის საფრთხის ქვეშაა. ამიტომაც, რობერტო მანჩინიმ სერია A-ში არსებული პაუზით ისარგებლა და 3-დღიანი შეკრება მოაწყო, რომელშიც „სკუადრა აძურას“ სპარინგი არ აქვს დაგეგმილი, მაგრამ მწვრთნელი ფეხბურთელებს ავარჯიშებს.

იტალიის ნაკრებში 2018 წლის შემდეგ დაბრუნდა მარიო ბალოტელი, რომლის შესახებაც მანჩინის დღევანდელ პრესკონფერენციაზე საუბარი მოუწია.

„ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მართებული იქნება იმ ფეხბურთელების საქმეში ნახვა და შეფასება, რომლებიც დიდი ხანია ნაკრებში არ ყოფილან, ტრავმირებული იყვნენ ან დებიუტანტები არიან. ეროვნული ნაკრების კარი ყოველთვის ყველასთვის ღიაა, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. მინდა, მადლობა გადავუხადო კლუბებს ფეხბურთელების გამოშვებისთვის, რადგან ეს არ არის ფიფას ფანჯარა.

ბალოტელის გამოძახება ჩვენს დეპრესიულ მდგომარეობაზე მიანიშნებს? ასეთ მდგომარეობაში მაქსიმუმს ვაკეთებთ, როგორც ეს იყო ევროპის ჩემპიონატის წინ, მაგრამ მარიოს დაბრუნება არ ნიშნავს, რომ დეპრესიაში ვართ. ტექნიკურ დონეზე მარიო ყოველთვის კარგი იყო, ახლა უნდა ვნახოთ, ფიზიკურად როგორ ფორმაშია, მისი ცოცხლად ნახვა უფრო სასარგებლო იქნება. ორი ვარჯიში ბევრი არაა, მაგრამ შეფასების გასაკეთებლად გამოგვადგება. რას დამპირდა ბალოტელი გამოძახების სანაცვლოდ? ფულს (იცინის - რედ)“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრების საწვრთნელი შეკრება 26-28 იანვარს გაიმართება და მანჩინიმ გუნდში 35 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის დააბრუნა მარიო ბალოტელი და მატია დე შილიო, ხოლო 7 ფეხბურთელი „აძურაში“ პირველად გამოიძახეს.

იტალიის ნაკრები 24 მარტს, პალერმოში მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 29 მარტს, სტუმრად პორტუგალიას ან თურქეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112188