ფეხბურთი

17:20 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: მამარდაშვილი და სამი თვე სიბნელეში - გამოსავალი ივნისისთვის
AS: "მამარდაშვილი და მისი უცნაური გაუჩინარება"

გიორგი მამარდაშვილს „ვალენსიაში“ რთული პერიოდი აქვს და თამაშის შესაძლებლობა საერთოდ აღარ ეძლევა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ცნობილმა ესპანელმა გამოცემა Marca-მ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

„მამარდაშვილი და სამი თვე სიბნელეში - გამოსავალი ივნისისთვის“, - ეს არის წერილის სათაური, რომელშიც ვკითხულობთ:

„მეკარე, რომელმაც სეზონის დასაწყისში სენსაცია მოახდინა, სათადარიგო სკამზე დაბრუნდა, მაგრამ რაც თასზე და სილესენის ტრავმის შემდეგ მოხდა, ბევრ რამეს ცვლის. გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ორ თვეში აურზაური იყო მის გარშემო და იმ დროს დადგა ოქროს შესაძლებლობა 20 წლის ასაკში, რომ გამოჩენილიყო ისეთ ელიტარულ კლუბში, როგორიც „ვალენსიაა“, გამოიწვია სენსაცია, მერე სათადარიგო სკამზე დაბრუნდა და ახლა მთლიანად გაქრა. მას ესპანეთის თასზეც კი აღარ უწევს თამაში.

ქართველი მეკარე სამი თვეა უდიდეს სიბნელეშია. ეს არის უცნაური და გასაოცარიც. Marca-მ გადაამოწმა ინფორმაცია და გავარკვიეთ, რომ მისი გარემოცვაც შეშფოთებულია ამ საკითხით. ვერც მეკარე და ვერც მისი ახლობლები იფიქრებდნენ იმას, სადაც დღეს არის. ყველაფერი წარმატებულად დაიწყო, მაგრამ ახლანდელი სიტუაცია სახეში სილას ჰგავს, რაც რთულად შესაგუებელია. მიუხედავად იმისა, რომ მას ესმოდა რატომ გადასვეს სათადარიგო სკამზე და სასწავლი ბევრი ჰქონდა, იმედოვნებდა, რომ თასზე თამაშის საშუალებას მაინც ექნებოდა.

ფაქტია, რომ შეცდომები, რომელიც „სევილიასთან“ დაუშვა, ეს ძირად დაუჯდა, სილესენმა ამით ისარგებლა და ბორდალასი ნიდერლანდელ მეკარეს ენდობა. ის, რომ თასზეც არ ათამაშებენ ლოყაზე მეორე დარტყმას ჰგავდა, სამჯერ იყო თასზე ხაუმეს დუბლიორი და შანსზე დალოდების გარდა, სხვა არაფერი დარჩენოდა, მაგრამ რაც სილესენის ტრავმის შემდეგ კიდევ ერთი დარტყმაა. თეორიულად ჭარბი წონის გამო ის „ატლეტიკოსთან“ განაცხადშიც ვერ მოხვდა და ეს მწვრთნელის მხრიდან კიდევ ერთი გაფრთხილება იყო. ბოლო პერიოდში მან ბევრი დარტყმა მიიღო - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პროფესიონალური ფეხბურთის რეალობაში, უმაღლეს დონეზე.

მას ორნაირი სიტუაცია აქვს: კარგია დიდ მატჩებში თამაში, საჩუქრის მიღება, მაგრამ ამ სიტუაციამ ის უფრო დააზარალა. სწავლა კარგია, მაგრამ როცა არ თამაშობ, დინამიკა გაკლდება და ეს მძიმეა. ამიტომაც, თუ ყველაფერი უცვლელი დარჩება, მაშინ მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ და წასვლაზეც შეიძლება იფიქროს. ის 21 წლისაა და მისგან ბრილიანტი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ შეუფერხებლად უნდა ითამაშოს. ეს სასიკეთო იქნება მეკარისთვისაც და კლუბისთვისაც.

ვითარება რთულია, რადგან ზამთრის სატრანსფერო ბაზარი ერთ კვირაში იხურება და კლუბს არ სურს მასთან ახლა განშორება, ივნისისთვის კი სიტუაცია სხვაგვარი იქნება. თუმცა, მეკარეს ზაფხულამდე ასე გაჩერება გაუჭირდება და თუ სიტუაცია იგივე იქნება, ის ტრანსფერს მოითხოვს. ამ ასაკში თამაში საჭიროა და თუ აქ შეუძლებელი იქნება, სხვაგან უნდა ითამაშოს, თუნდაც იჯარით.

სიმართლე ისაა, რომ ხაუმემ ბორდალასის ნდობა დაიმსახურა. გუნდის ერთ-ერთმა კაპიტანმა თასზეც ითამაშა და ლა ლიგაში ტრავმირებული სილესენიც შეცვალა. „ატლეტიკოსთან“ ძირითადშიც იყო, მაგრამ მისმა თამაშმა დებატები ისევ გააღვივა და ეჭვები წარმოქმნა. ყველაზე რთული ის არის, რომ მთელი ეს არეულობას იწვევს და უფრო მეტ ეჭვს აჩენს“, - წერს მადრიდული გამოცემა.

გარდა ამისა, მამარდაშვილის საკითხს კიდევ ერთი ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი გამოეხმაურა და სტატიის სათაური ასეთია: „მამარდაშვილი და მისი უცნაური გაუჩინარება“.

„ბორდალასმა ის „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის არც გამოიძახა, ფეხბურთელს კი არ ესმის, რომ სასტარტოში თასზეც ვერ ხვდება. გიორგი მამარდაშვილის სეზონის შესანიშნავი დასაწყისი უკვე ისტორიაა. ლა ლიგაში 6 კარგი მატჩი მოასწრო და მხოლოდ ისეთ მეკარეს შეეძლო მისთვის ძირითადში ადგილის წართმევა, როგორიც სილესენია. თუმცა, გიორგი იმედოვნებდა, რომ თუ იასპერს დასვენება დასჭირდებოდა, ის ითამაშებდა. ქართველი მეკარე არა მხოლოდ კოპა დელ რეიზე დარჩა უთამაშებელი, არამედ ხოსე ბორდალასმა ლა ლიგაშიც არ აირჩია, როცა სილესენი „სევილიასთან“ დაშავდა. გიორგიმ მწვრთნელის გადაწყვეტილება პროფესიონალურად მიიღო, მაგრამ სათამაშო წუთების ნაკლებობა მას ძალიან აწუხებს. ამის შესახებ ფეხბურთელთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან. არა მხოლოდ უთამაშებლობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მწვრთნელმაც მისი სრულად უთამაშებლობის მიზეზიც კი არ განუმარტა.

უცნობი სტატუსიდან ძირითადის უდავო წევრობამდე და შემდეგ მწვრთნელის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაქრობა. გიორგი ცდილობდა ვარჯიშის გაგრძელებას იმავე გზით, მაგრამ აშკარაა, რომ ფსიქოლოგიურად ამ სიტუაციამ მასზე იმოქმედა, რადგან განიცადა და ალბათ, ამიტომაც არჩია ბორდალასმა „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის არ გამოეძახებინა. მეკარემ იცის, რომ 21 წლის ასაკში მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი და ეს გამოცდილება გააძლიერებს, მაგრამ მისთვის ისიც ნათელია, რომ თამაში სურს, ამიტომაც, არ გამოვრიცხოთ ზაფხულში ახალი კლუბის ძებნა“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და პრესეზონში თავი კარგი თამაშით გამოიჩინა, რის შედეგადაც, ლა ლიგის საწყის 6 ტურში შეუცვლელად ითამაშა და ორჯერ კარი მშრალად შეინახა. პირველ ტურში გიორგი ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს, მაგრამ მეექვსე ტურის შემდეგ (სექტემბრის ბოლოდან) აღარ უთამაშია. 31 დეკემბერს, „ვალენსიამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მამარდაშვილი „დინამო თბილისიდან“ გამოისყიდა და მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით გაუფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125986