სხვა

4:16 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

კურტონიმ კორტინა დ’ამპეცოს სუპერ გიგანტი მოიგო

მაშინ, როდესაც იტალიელმა სოფია გოჯამ შეცდომის გამო, კორტინაში გამართული სუპერ გიგანტის დასრულება ვერ შეძლო, გამარჯვება მისმა თანამემამულე ელენა კურტონიმ მოიპოვა. ეს ყველაფერი, პეკინის ოლიმპიადაზე ჩქაროსნულ რბოლებამდე ორი კვირით ადრე მოხდა.

გოჯამ, ვინც დაშვებაში მსოფლიო თასის ლიდერია, ტრასის მესამე სექციაში შეცდომა დაუშვა და რბოლა ვერ დაასრულა. დაცემული, ხელს ფეხზე იკიდებდა და თითქოს, მუხლი იტკინა, მაგრამ ბედად მალევე წამოდგა და დაღმართზე ნელა ჩამოსრიალდა.

29 წლის გოჯას, ამ სეზონში ექვსიდან ხუთი დაშვება აქვს მოგებული. მათგან ბოლო გამარჯვება სწორედ კორტინა დ’ამპეცოში მოიპოვა და კვირას იმედი ჰქონდა, რომ სუპერ გიგანტშიც გაიმეორებდა მიღწევას. ამ შეცდომის გამო, მან სუპერ გიგანტში ლიდერობა თანამემამულე ფედერიკა ბრინიონეს გადააბარა, ვინც კვირის რბოლა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

კურტონის 0.09 წამით ჩამორჩა მეორეზე გასული ავსტრიელი ტამარა ტიპლერი, მესამეზე კი შვეიცარიელი მიშელ ჟისენი გავიდა, ვინც გამარჯვებულთან 0.24 წამი წააგო.

ამჟამად სუპერ გიგანტის ჩათვლაში, ბრინიონეს 377 ქულა აქვს, მეორეზე კურტონია 348 ქულით, გოჯამ კი მესამეზე გადაინაცვლა. მას 332 ქულა აქვს.

მხოლოდ მე-16 შედეგი ჰქონდა ამერიკელ მიკაელა შიფრინს, ვინც მსოფლიო თასზე სუპერ გიგანტი ბოლოს 2020 წელს მოიგო. აბსოლუტურ ჩათვლაში ის კვლავ ლიდერია და მეორეზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 15 ქულას უგებს.

პეკინში ქალთა სუპერ გიგანტის რბოლა 11 თებერვალს არის დანიშნული, ოთხი დღის შემდეგ კი დაშვება უნდა გაიმართოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.147286