ფეხბურთი

17:55 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი: "აზერბაიჯანს ძლიერი გუნდი ჰყავს და დანაკლისი რომც ჰქონდეს, არ დაეტყობა"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში აზერბაიჯანთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, საქართველოს ნაკრები მაქსიმუმს გაიღებს იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდეს და პლეი-ოფში ითამაშოს.

„ასეთ ტურნირზე თამაშით სიამაყის განცდის მეტი არაფერი გვეუფლება. რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. აზერბაიჯანის ნაკრები ჩემი ინფორმაციით, საუკეთესო შემადგენლობით ემზადება, თანაც ისეთი ძლიერია, რამდენიმე ფეხბურთელის დანაკლისი არ დაეტყობა. აქცენტი ჩემს გუნდზე მაქვს გაკეთებული და მხოლოდ იმის იმედად ვერ ვიქნებით, რომ მეტოქეს ვინმე გამოაკლდება და ეს გაგვაძლიერებს“, - თქვა ასათიანმა.

მთავარ მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ფეხბურთელი ირაკლი თოდუა ახლდა, რომელმაც ასევე გააკეთა კომენტარი:

„რა თქმა უნდა, პირველი თამაში ორმაგად რთულია და ორმაგად მნიშვნელოვანია კარგად დაწყება. ჩვენ პირველად ვართ ევროპის ჩემპიონატზე, აზერბაიჯანს კი აქ თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ ვფიქრობ, შანსი თანაბარია. მნიშვნელოვანია, რომ კარგად დავიწყოთ და შემდეგ დანარჩენ მატჩებზე ვიფიქრებთ“, - აღნიშნა თოდუამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო2022-ის D ჯგუფში ასპარეზობს. პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის, 20:30 საათზე შედგება. საქართველო-აზერბაიჯანის მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113704